მეხანძრე–მაშველებს კარვები საბურთალოზე, სააგენტოს შენობის წინ აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ისინი თემურ გიორგაძეს რამდენიმე ბრალდებას უყენებენ, მათ შორის – ნეპოტიზმს, კორუფციას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატებას.
ერთ–ერთი მომიტინგე მეხანძრე ბესო გოგრიჭიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გიორგაძე მაშველებს ახატანში მდებარე აგარაკსა და თემქაზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობას ავალებდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. თვითონ გიორგაძე აცხადებს, რომ ზემოხსენებული სახლები მას მამამ დაუტოვა და ის ახლა არ აშენებულა, თუმცა ადასტურებს, რომ მაშველი–მეხანძრეები გარკვეულ სამუშაოებში ეხმარებოდნენ:
“თურმე ამოსულან და იქ მეხმარეობდნენ… მე ბევრჯერ მომიხმარებია მაშველი მეხანძრეები, როცა დამჭირვებია, მაგრამ ეს ადამიანური მოხმარებაა, როგორც ყველა მოქალაქეს მივეხმარებით და ვეხმარებით კიდევაც ყოველთვის. რამდენი ოჯახისთვის მაქვს ხელი გამართული, რომ წყალი არ ჰქონიათ… წყლის გაჭირვება რომ ადამიანს ექნება, მანქანასაც გავუგზავნი და თუ საჭირო იქნება ბევრ რამეშიც მივეხმარები”, – აცხადებს გიორგაძე.
გოგრიჭიანის თქმით კი, მას პირადად აქვს მიტანილი სამშენებლო ქვები გიორგაძის სახლში თემქაზე, სადაც სხვა მაშეველები მუშაობდნენ სამუშაო საათებში:
“სამუშაო საათებში, როდესაც მაშველი გამოსულია იმისთვის, რომ თბილისელბს გაუწიოს დახმარება, ამ დროს ბავშვიც მიხვდება, რომ ის სამაშველო საქმიანობას უნდა ასრულებდეს და არა სამშენებლო სამუშაოებს და რაღაც ბაღის მოვლა–პატრონობას”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ როდესაც გიორგაძეს თანამშრომლები ასეთი საქმიანობის მიზნით მიჰყავდა, ამ ყველაფერს სპეცდავალებით აფორმებდა, ხოლო ვინც წინააღმდეგ წავიდოდა, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა.
“მე არაფერს არ ვმალავ, რაც გამიკეთებია, და ვერ დავმალავ. მე ეს თვისება არ მაქვს, მე ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ, მე თუ დავუძახე მეხანძრე–მაშველს და მოვიხმარე, არც იმაზე გავდივარ უარზე… მოვიხმარე კონკრეტულ ამბავზე, რომ დამჭირვებია ადამიანურად და მოვიხმარე, რახან ჩემი სამსახურია და ხელმძღვანელი ვარ, არ მაქვს უფლება, როცა ყველა ადამიანს ვეხმარები? თუ არ მქონდა უფლება და ეს დარღვევაა, კი ბატონო, მე ამაზე ვაგებ პასუხს კონკრეტულად”, – აცხადებს გიორგაძე.
მოშიმშილე მეხანძრეები გიორგაძეს სხვა ბრალდბებსაც უყენებენ. მათი თქმით, ამ ადამიანმა უწყებაში თანამდებობებზე დაასაქმა საკუთარი მეუღლე, სიძე და დისშვილი ლევან ჩხიკვაძე, რომელმაც კორუფციული სქემა შეიმუშავა. მომიტინგეების მტკიცებით, ლევან ჩხიკვაძის მეშვეობით სხვადასხვა თანამშრომელს პრემიას ურიცხავდნენ, თუმცა თანხის დიდი ნაწილი ისევ ჩხიკვაძეს და გიორგაძეს რჩებოდათ.
ერთ–ერთი მოშიმშილე მეხანძრე ზვიად მღებრიშვილი ამტკიცებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვაზიანში მაშველების მომზადება დაიწყეს აქციების დაშლაში, ხოლო როდესაც ეს ერთ–ერთმა თანამშრომელმა გიორგი გიორგაძემ გააპროტესტა და სამსახურში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგე, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მომიტინგეების მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს მათ სამსახურში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგაძემ ე.წ. ზონდერ–ბრიგადები, ანუ ის ადამაინები, ვინც აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ, არაფორმალურად გააფორმა მაშველებად.
თავად თემურ გიორგაძე აცხადებს, რომ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ადგილი. მისი თქმით, როდესაც პრემიებზე ან ზონდერებზე სდებენ ბრალს, ფაქტებიც და დოკუმენტებიც უნდა წარმოადგინონ. გიორგაძე აცხადებს, რომ მომიტინგეებს, რომლებიც უწყებაში 1 წლის წინ დაარსებული პროფკავშირების წევრები არიან, გაერთიანებული პრფკავშირების უფროსი ირაკლი პეტრიაშვილი აქეზებს. იგი პეტრიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ იურისტებთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.
“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება არის ამ აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, მაგრამ პროფკავშირების გაერთიანებას და მე პირადად არ მაქვს ის უფლებამოსილება, რომ შიმშილობა ვუბრძანო. აბსურდია ეს. ამ სისულელეების ლაპარაკს, რასაც ის და თავისი დისშვილი საუბრობენ, ჯობია რეალობაზე ილაპარაკონ. ჩვენ რა პრეტენზიებსაც ვუყენებთ, ის ყველაფერი ქაღალდებზეა იქ დაწერილი და იმ კარვებზეა გამოკრული”, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
გიორგაძის განცხადებით, ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც პროფკავშირმა კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა. მისი თქმით, პროფკავშირების წარმომადგენლები მაშველებს შეხვდნენ, ჩაატარეს აგიტაცია და, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ კოლექტიურ ხელშეკრულებას მხოლოდ 40–მდე ადამიანი ითხოვდა, რის გამოც მან პროფკავშირს უარი უთხრა.
ბესო გოგრიჭიანი კი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო, გიორგაძე კოლექტიურ ხელშეკრულებებზე თანახმა იყო, თუმცა “შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს ხელშეკრულება მას პრობლემებს შეუქმნიდა, რადგან შესაძლოა უწყებაში არსებული კანონდარღვევები გამომჟღავნებულიყო და სწორედ ამიტომ გადაიფიქრა დოკუმენტზე ხელის მოწერა”.
მომიტინგე მაშველები იმ 4 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ახლა მათთან ერთად შიმშილობენ. თემურ გიორგაძე კი აცხადებს, რომ ზემოხსენებული პირები სერიოზული საფუძვლის გამო გაათავისუფლა სხვადასხვა დროს სამსახურიდან. მისი მტკიცებით, ზოგიერთი მათგანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლს იღებდა, ხოლო ერთ–ერთმა მეხანძრემ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თემურ გიორგაძის ინფორმაციით, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში სულ 1200 მაშველია დასაქმებული, ხოლო მათგან 450 მეხანძრეა. სააგენტოს უფროსის მტკიცებით, მიმდინარე საპროტესტო აქციები უწყების მუშაობას ხელს არ უშლის. მოშიმშილე მეხანძრეები კი აცხადებენ, რომ მათ მიერ დასახელებული ბრალდებებით უკვე დაინტერესდა შსს, რომელმაც ე.წ. მოდულის შენობაში მომიტინგეები დაკითხა გუშინ და დღეს.
“ჩვენც ეს გვინდა, გამოიძიონ ეს ყველაფერი და გაირკვეს, ვინ არის მართალი”, – ამბობს ბესო გოგრიჭიანი.