ახალი ამბები

ვიდეო ▶ თეთნულდიდან დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს

24 ივლისი, 2018 • 2466
ვიდეო ▶ თეთნულდიდან დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა ​თეთნულდზე 19 ივლისს დაკარგული უკრაინელი ტურისტის ცხედარი დღეს ამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განმარტავს, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, თუმცა უწყების მუშაობით უკმაყოფილოა გარდაცვლილის ცოლი.

მთამსვლელი, რომელიც დაღუპულ მთასვლელთან ერთად იყო მთაში ჩარჩენილი, “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ როცა ამოიყვანეს, მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად მყოფი ცოცხალი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ როდესაც მთამსვლელი ამოიყვანეს, მან უთხრა, რომ მასთან ერთად მყოფი ცოცხალი იყო. უწყების ცნობით, გადარჩენილმა მთასვლელმა მათ ასევე შეატყობინა, რომ რამდენიმე საათი იყო, რაც მასთან აღარ უსაუბრია.

კითხვაზე, რატომ მოხდა მხოლოდ ერთი მთასვლელის გამოყვანა და ვერ მოახერხა უწყებამ მეორე მთასვლელის გადარჩენა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამის მიზეზად ამინდს და რთულ რელიეფს ასახელებენ.

რატომ ვერ გადაარჩინა სამაშველო სამსახურმა თეთნულდზე ჩარჩენილი მთამსვლელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 19 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. უწყების ინფორმაციით, ორი დაკარგული ტურისტი 19 ივლისს იპოვეს. მათგან ერთი შედარებით მაღალ რელიეფზე იმყოფებოდა და მაშველებმა ის იმავე დღეს ამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც ერთი მთასვლელი ამოიყვანეს, საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენმა ტერიტორია დატოვა და მეორე მთასვლელის ამოსაყვანად, რომელიც მათივე ინფორმაციით, უფრო ღრმა ადგილზე იყო, უკან დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი