ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქე ათენში გაჩენილი ხანძრის ზონიდან გამოვიყვანეთ – საკონსულო

24 ივლისი, 2018 • 3923
საქართველოს მოქალაქე ათენში გაჩენილი ხანძრის ზონიდან გამოვიყვანეთ – საკონსულო

23 ივლისის ღამის განმავლობაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრით დაზარალებული საქართველოს სამი მოქალაქე. საელჩოს განცხადებით, მათ შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

როგორც საელჩო აცხადებს, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გვიან ღამით უშუალოდ საკონსულოს თანამშრომლებმა გამოიყვანეს ხანძრის ზონიდან.

ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საბერძნეში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, გააგრძელონ საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.

ხანძარი ათენში. ფოტო: EPA

BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის მახლობლად გაჩენილ მასშტაბურ ტყის ხანძარს 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ეპიცენტრში, წითელი ჯვრის ცნობით, 26 გარდაცვლილის სხეული იპოვეს. მაშველებს მოსახლეობა სტიქიის მიმდებარე დასახლებებიდან გაჰყავთ. ხანძრის გამო სახლის დატოვება ასობით ადამიანს მოუხდა.

მაღალია დაშავებულთა რიცხვიც. სტიქიის შედეგად 104 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის 16 ბავშვია.

საბერძნეთის მთავრობამ ევროპის ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა. დამატებითი ვერტმფრენები, სპეციალური ტექნიკა და მეხანძრეები საბერძნეთში იტალიიდან, გერმანიიდან პოლონეთიდან და საფრანგეთიდან გაგზავნეს.

ხანძარი საბერძნეთში გუშინ, 23 ივლისს გაჩნდა და იმავე დღეს დასახლებულ რაიონებსაც მოედო. ხანძრის შედეგად ათეულობით სახლი  დაიწვა საკურორტო ქალაქ კინეტაში, რომელიც ათენიდან დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს.

საბერძნეთში ხანძარს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა – ცეცხლს ამ დრომდე ვერ აკონტროლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი