დღევანდელ შეკრებას “ქორთიარდ მერიოტში” დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამასურის ინფორმაციით, ღონისძიება ლევან მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა.
“5 წლის წინ ამ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამოაზრეთა გუნდი, რომელმაც პოლიტიკაში შესვლის განაცხადი გააკეთა. 5 წლის წინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ მაშინდელ ხელისუფლებას, მაშინ თქვენმა გამოჩენამ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი გაუჩინა, რადგან ამ გუნდში ძირითადად თავი მოიყარეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, უარი თქვეს დიპლომატის საპატიო თანამდებობაზე და ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე წინ დააყენეს. სახელმწიფოს ინტერესები, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო ის იდეალები, რამაც თქვენ გაგაერთიანათ და ამას სათავეში ბატონი ლევან მიქელაძე ედგა.
მე კარგად მესმის, რას ნიშნავს დღევანდელი დღე ამ პარტიის დამფუძნებლებისთვის, მისი ლიდერისთვის, მისი წევრებისთვის, როგორი ემოციურია ეს დღე თქვენთვის იმის გამო, რომ სრულიად გამორჩეული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის, შესანიშნავი დიპლომატისა და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტის, თქვენი მეგობრის ლევან მიქელაძის სახელთანაა დაკავშირებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ის ჩვენ შორის აღარ არის. […] მინდა გითხრათ, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, “ქართული ოცნებისთვის” ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს, ერთად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის განვითარების ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს. თქვენ გამორჩეული წვლილი მიგიძღვით იმ წარმატებებში, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპასთან ინტეგრაციასა და ავროატლანტიკური დაახლოვების მიმართულებით და მინდა მადლობა გითხრათ ამ საქმეში გაწეული მუშაობისთვის”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატების” იუბილეს არ ესწრებოდა ყოფილი პრემიერი და ორგანიზაციის “მოქალაქე” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
“მე ვსარგებლობ ამ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მას [ბიძინა ივანიშვილს] იმისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ ყველას, როდესაც გვქონდა შეხვედრები, საუბრები, ის ყოველთვის განიცდიდა, რომ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი არ იცნობდა მოქალაქე ლევან მიქელაძეს. ეს არის ჩვენი წუხილი, ჩვენი ტკივილი, მაგრამ ეს არის ეს ცხოვრება” – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
ლევან მიქელაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მეთაური იყო, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა. ლევან მიქელაძე 2009 წელს გარდაიცვალა.




