ახალი ამბები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება

16 თებერვალი, 2014 •
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება

რეგისტრაციის პროცესი 21 მარტს დასრულდება. რაც შეეხება მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია გაბუნიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რეგისტრაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, მაგისტრანტობის მსურველთათვის რეგისტრაციის პროცესი მარტის დასაწყისში დაიწყება. 

 

მაია გაბუნიას განცხადებით, წელს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა აბიტურიენტებისთვის 40 000-ს აჭარბებს. 

 

“რეგისტრაციის პროცესი ელექტრონულია უკვე რამდენიმე წელია, წელსაც იქნება ელექტრონულად, naec.ge ან online. naec.ge- ზე შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს. დეტალური ინსტრუქციებიც იქნება და ამ კუთხით სიახლე არაფერია. შარშან არ გვქონია შემთხვევა, ვინმეს რეგისტრაციის პროცესის გავლა გასჭირვებოდა, რადგან სისტემა საკმაოდ მარტივია და არ გვქონია არანაირი პრობლემა. წელსაც შეუძლიათ აირჩიონ შეუზღუდავი რაოდენობის პროგრამები და მათი შეცვლა აბიტურიენტებს აპელაციის პროცესის დასრულებამდე შეეძლებათ. 21 მარტამდე აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ განაცხადი და აირჩიონ გამოცდები, რომელსაც აბარებენ, მაგრამ ფაკულტეტები შეეძლებათ მერეც აირჩიონ, ან მითითებული ფაკულტეტები შეცვალონ. გამოცდებს როცა ჩააბარებენ და ყველა გამოცდის შედეგი როცა ეცოდინება, სანამ აპელაციის პროცესი დასრულდება, მანამდე კიდევ შეუძლიათ ცვალონ ეს პროგრამები. ეს სიახლე შარშან პირველად დაინერგა და წესლაც იქნება”- განაცხადა მაია გაბუნიამ. 

 

მისივე თქმით, არც საგნის ჩაბარების საფასური შეცვლილა და ერთი საგნის ჩაბარების საფასური 10 ლარია, თითოეულ აბიტურიენტს მინიმუმ 4 საგნის ჩაბარება უწევს გარდა იმ აბიტურიენტებისა, რომლებიც  შემოქმედებით უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. ისინი  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ 3 გამოცდას აბარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი