ახალი ამბები

თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგო უზენაეს სასამართლოში

23 ივლისი, 2018 • 17516
თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგო უზენაეს სასამართლოში

თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგო უზენაეს სასამართლოში. საქმე ეხებოდა თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

როგორც ახობაძე ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ახობაძე თანამდებობაზე აღადგინოს და განაცდური სრულიად აუნაზღაუროს. ამით უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ახობაძისა და სუბელიანის საქმე მოკლედ

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს,  დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.

4 აპრილს, თამაზ ახობაძით თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი  თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც  დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

სარჩელის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ახობაძემ უზენაესში გაასაჩივრა. როგორც ახობაძემ ნეტგაზეთს უთხრა, დღევანდელი (23 ივლისის) გადაყწვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ მესამე მხარის ჩართულობა “არაფერ შუაშია და არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს,”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევდა, რომ ახობაძე–სუბელიანის გათავისუფლება იყო კანონიერი და ისინი მომჩვნებს პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი