ვინ არის რაინ გრისტი?
ბრიტანეთის ყოფილი სამხედრო ოფიცერი რაინ გრისტი უკვე წლებია, რაც გაეროს, ეუთოს თუ ევროკავშირის მანდატით სხვადასხვა საერთაშორისო კრიზისულ მისიებში მუშაობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი თბილისში ეუთოს სადამკვრივებლო მისიის ხელმძღვანელის ტერი ჰაკალას მოადგილე იყო. როგორც ცნობილია, ჰაკალა ომის დღეებში საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, გრისტი ადგილზე ეუთოს ოფისის ლიდერის ფუნქციებს ასრულებდა. 2008 წლის საარქივო მასალებში რაინ გრისტის თაობაზე დაბეჭდილი არაერთი პუბლიკაცია იძებნება. მაგალითად, უოლ სტრიტ ჯურნალი წერს:

“მას შემდეგ, რაც რუსეთი აგვისტოში საქართველოს დაესხა თავს, მოსკოვმა საერთაშორისო აზრის ტალღის შებრუნება შეძლო, რაშიც კრემლი რაინ გირსტს უნდა უმადლოდეს”.
რაიან გრისტი საქართველოში ცნობილია იმით, რომ მან 2008 წლის 12 აგვისტოს ეუთოს მანქანით გამყოფი ხაზი გადაკვეთა და ცხინვალში ჩავიდა, საიდანაც 15 აგვისტოს დაბრუნდა. მან უოლ სტრიტ ჯურნალს განუცხადა, რომ ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტის, ლირა ცხოვრებოვას დახმარებით, რამდენიმე ადგილობრივ დე ფაქტო მაღალჩინოსანს შეხვდა. ამის შემდეგ გრისტი საქართველოდან გაიწვიეს და თანამდბეობიდან გადააყენეს. უოლ სტრიტ ჯურნალის ცნობით, სწორედ იმ თვითნეობების გამო, რასაც მისი ცხინვალში ჩასვლა უკავშირდებოდა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დასავლურ და რუსულ მედიაში გავრცელდა რაინ გრისტის მიერ მიცემული ინტერვიუები, მათ შორის BBC-სთან, უოლ სტრიტ ჯურნალთან და სხვა გამოცემებთან, სადაც გრისტი ამტკიცებდა, რომ ომის დაწყებამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან არავითარ პროვოკაცია არ განხორციელებულა, რადგან ეს მის მონიტორებს არ დაუფიქსირებიათ. ასევე გრისტი ამბობდა, რომ იგი ეუთოს საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი შეტევის თაობაზე ინფორმაციას დიდი ხნის წინ გადასცემდა, თუმცა ორგანიზაციამ მის რაპორტებს იგნორირება გაუკეთა. გრისტის განცხადებების შესახებ რუსულ მედიაში არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი თუ პუბლიკაცია მომზადდა.
თუმცა 2008 წლის ბოლოს გრისტმა უოლ სტრიტ ჯურნალთან საუბარში უარყო ის სიტყვები, რასაც მას მიაწერდნენ და თქვა, რომ პრესამ მისი განცხადებები არასწორად გაიგო. გრისტის განმარტებით, მას არასდროს უთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთიდან ომამდე პროვოკაციები არ ყოფილა, უბრალოდ, მან თქვა, რომ თბილისმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
რუსეთის ჯაშუში?- წინა ხელისუფლების ეჭვები
“მე ვერ ვიტყვი, რომ გრისტი რუსეთისთვის მუშაობს, მაგრამ ჩვენი საიდუმლო სამსახური ფიქრობს ასე”, – განაცხადა 2008 წელს თემურ იაკობაშვილმა საქართველოს მთავრობის იმდროინდელმა წევრმა.
საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ეჭვებისათვის სრულიად ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, თუმცა ბოკერია თავს იკავებს ისაუბროს იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს საიდუმლო სამსახურს:
“მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ ილაპარაკონ სხვა ასპექტებზე… დღეს კი მე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი არ გახლავართ. მისი მოქმედებები იძლეოდა სერიოზულ საფუძველს ამ ტიპის ლეგიტიმური ეჭვებისათვის და დამატებითი ინფორმაცია ამ ეჭვებს აძლიერებდა, მოდით ასე ვთქვათ… ჩვენ არ გვჭირდება ასე შორს წასვლა იმისთვის, რომ გვქონდეს საკმარისი საფუძველი ამ ადამიანის მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგ”, – აცხადებს ბოკერია.
ამ ტიპის ბრალდებებზე თვითონ რაინ გრისტმა ასევე 2008 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა კომენარი:
“მე დამადანაშაულეს იმაში, რომ თითქოს ვმუშაობდი MI6-სთვის ან KGB-სთვის”, – განაცხადა გრისტმა. “მე უბრალოდ იმის გარკვევა მინდოდა, რა მოხდა სინამდვილეში”.
პეტიცია რაინა გრისტის წინააღმდეგ

გიგა ბოკერია ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც რაიან გრისტის EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის მოადგილედ დანიშვნას აპროტესტებს და მის გაწვევას ითხოვს. საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებლების, ქართველი დიპლომატების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია შესაბამისი მოთხოვნით, რომელსაც ხელს 600-მდე ადამიანი აწერს.
“ევროკავშირის სადამკვრივებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაცვისთვის. როგორც მოქალაქე, ძალიან მადლიერი ვარ ამ მისიის არსებობის გამო, მაგრამ ეს კონკრეტული დანიშვნა შეშფოთების სერიოზულ საფუძველს იძლევა. ვინც თვალყურს ადევნებდა პროპაგანდისტულ ომს რუსეთის აგრესიის პერიოდში და მის შემდეგაც, ყველასთვის ცნობილია ამ ფიგურის რეპუტაცია და ქმედებები. თავი დავანებოთ იმ საფუძვლიან ეჭვებს, რასაც აღძრავს მისი მაშინდელი მოქმედებები, თავისთავად მშრალი ფაქტებიც კი, პირველ რიგში, მისი ცილისმწამებლური და უსაფუძვლო განცხადებები ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო მაშინ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისთვის”, – ამბობს გიგა ბოკერია ნეტგაზეთთან საუბარში. მის აზრს იზიარებს ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. მისი თქმით, მაშინ ეუთომ საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებაც კი არ აცალა, ისე სწრაფად შეუწყვიტა გრისტს მანდატი
“ეუთოსთან ბევრი რეაგირება საჭირო იყო არავის მხრიდან, თვითონ იმდენად იყო აღშფოთებული. ყველას ძალიან კარგად ახსოვს ამ ადამიანის მიერ გამოვლენილი ძალიან სერიოზული არაპროფესიონალიზმი. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება, თავად ეუთომ გაიწვია ეს ადამიანი ვადაზე ადრე, რადგან მას ჰქონდა დიდი სკანდალი თვითონ ეუთოში, როდესაც მან თვითნებურად განახორციელა ქმედებები. მან საერთოდ არ გაითვალისწინა ორგანიზაციის წესდება და ხელმძღვანელობის დავალებები. გაურკვეველია, როგორ მოხვდა იგი ახლა ამ პოსტზე. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ნათლად აქვს გამოკვეთილი არაპროფესიონალიზმი თავის ბექგრაუნდში, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს თავისი ფუნქცია იმ ძალიან მნიშვენლოვანი მისიის ფარგლებში, რასაც EUMM აქ ასრულებს”, – უთხრა ტყეშელაშვილმა ნეტგაზეთს. მისივე თქით, გრისტის ბექგრაუნდი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ინტერესებს:
“ამ მისიის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ასახოს რეალობა. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ ოკუპირებულ რეგიონებში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქეთა მხარეს მაინც ინფორმაციის ობიექტური წყარო იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ბუნებრივია, ეს შედის ჩვენს ინტერესებშიც. საქართველოს არც მაშინ და არც დღეს დასამალი არაფერი აქვს, ამიტომ რაც უფრო ობიექტურად იქნება ასახული ვითარება, ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ფაქტობრივად დადასტურებული ბექგრაუნდი ასეთი საქციელის, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ხდება ახლაც, რომ არ გაიმეორეს იგივე, არ დაემოჩილოს სკაუთარი მისიის წესებს და ასე შემდეგ… დიდი რისკის მატარებელია”.
EUMM-ში ნეტგაზეთს კითხვაზე, რა ფუნქციები აქვს რაინ გრისტს და რა შედის მის მანდატში, განუმარტეს, რომ ამ უკანსკნელს ევალება ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საკითხებზე მუშაობა. ამასთან, როგორც მისიაში ამტკიცებენ, გრისტს არ აქვს წარმომადგენლობით ფუნქციები და, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებზე, რომელშიც მხარეები მოანიწლეობენ, მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი იქნება წარმოდგენილი და არა რაიან გრისტი.
როგორ დაინიშნა რაინ გრისტი ახალ თანამდებობაზე საქართველოში 2014 წელის დასაწყისში?
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე EUMM-ის ოფისში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მისიაში საკადრო საკითხებს ევროკავშირი დამოუკიდებლად ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე წყვეტს და ამას ითვალისწინებს 2008 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მისია ქვეყანაში მუშაობს. მეტიც, საგარეო უწყებაში თქვეს, რომ მათ რაიან გრისტის პოსტზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა. ამ ფაქტს ეჭვის თვალით უყურებენ ზემოხსენებული პეტიციის ავტორები:
“საზოგადოება „ივერია“, ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარმოუდგენლად მივიჩნევთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას არ სცოდნოდა კანდიდატის ვინაობა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ წამყვან პოსტზე მოიაზრებდა. მეტიც, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციებისა და მინიმუმ მისი არაფორმალური თანხმობის გარეშე კანდიდატს საერთოდ არ წარადგენს. ევროკავშირის მიერ რაიან გრისტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკების გზით, არამედ მას მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული აღნიშნული კანდიდატის წარდგენაზე”, – აცხადებენ პეტიციის ავტორები.
ამ საკითხზე საინტერესო განცხადებას აკეთებს ნეტგაზეთთან საუბარში გიგა ბოკერიაც, ვისი თქმითაც, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გრისტის კანდიდატურა მოცემულ თანამდებობაზე განიხილებოდა, პირადად იგი ჯერ კიდევ რამდნეიმე კვირის წინ ფლობდა:
“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, ეს ინფორმაცია ჩემთვის უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ გახლდათ ამ დისკუსიის საჯარო სივრცეში გადმოტანა, თუკი ეს შედეგი არ დადგებოდა. ოფიციალურად დაინიშნა უკვე ეს ადამიანი და, ბუნებრივია, საზოგადოებას თუ მედიას გაუჩნდა კითხვები”, – აღნიშნავს ბოკერია.
საქართველოს საგარეო საქმთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უწყებამ გრისტის საკითხზე ევროკავშირთან მუშაობა და კონსულტაციები უკვე დაიწყო: შეხვედრები გაიმართა ბრიუსელსა და თბილისში. უწყების მტკიცებით, მიმდინარეობს იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც გრისტთან დაკავშირებით ვრცელდება.
თავად რაიან გრისტი ამ დროისთვის ზუგდიდში იმყოფება. როგორც ნეტგაზეთს EUMM-ში უთხრეს, იგი ამ საკითხზე კომენტარს გააკეთებს მომდევნო კვირაში, როდესაც თბილისში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ რაინ გრისტი EUMM-ის პირველი წარმომადგენელი არ არის, ვის მიმათაც კონფლიქტის მხარეებში პრეტენზიები გაისმის. გასულ წელს აფხაზურმა მხარემ მისიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტოივო კლაარმა შეცვალა, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ინციდენტების პრევენციის გალის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.




