ახალი ამბები

მარგველაშვილი: არ განვიხილავთ საქართველოს რუსეთისთვის პრობლემის შემქმნელ ქვეყანად

14 თებერვალი, 2014 •
მარგველაშვილი: არ განვიხილავთ საქართველოს რუსეთისთვის პრობლემის შემქმნელ ქვეყანად

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე მარგველაშვილმა რუსთავი 2–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში ისაუბრა:

 

“ჩვენ ამ რამდენიმე კვირის მოვლენებს საგანგებო ყურადღებით ვაკვირდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. თემა დაიწყო პესკოვის განცხადებით, პესკოვის განცხადებას მოყვა პუტინის რეპლიკა, ამის მერე იყო ჩემი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ შეხვედრას აქვს მნიშვნელობა, თუ არის მზაობა ყველაზე მტკივნეული საკითხების გადასაწყვეტად. ამის მერე უკვე არის კარასინის განცხადება. ამ დინამიკაში თუ დავაკვირდებით ამ პროცესს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მხრიდან საგანგებო ყურადღება დაეთმო შესაძლო შეხვედრას.  ჩემში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს კარასინის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ შეხვედრის მოსამზადებლად უნდა დაიწყოს მუშაობა, ეს ჩემთვის აჩვენებს თემის სერიოზულად დასმის წინაპირობას”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მარგველაშვილის თქმით, რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ დღევანდელი პოზიცია მისთვის მომგებიანი არ არის:

 

“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ რუსეთის მხარეს, რომ მზად ვართ რაციონალურ კონტექსტში განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესი, და რომ დღევანდელი მდგომარეობა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ის ჩვენთვის, ქართველებისთვის, არანაირად არ არის მომგებიანი რუსებისთვის და ასევე არანაირად არ არის მომგებიანი არც მავთულხლართებს იქით დარჩენილი საქართველოს მოქალაქე აფხაზებისთვის და არც მავთულხლართებს იქეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქე ოსებისთვის. ამ კონტექსტში გადაყვანა დიალოგის არის ჩვენი მიზანი”, – აცხადებს მარგველაშვილი.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს და მმართველი გუნდის პოზიცია რუსეთის მიმართ ერთმნიშვნელოვანია:

 

“რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს უაღრესად დაძაბული ფონი, რომ ჩვენი ხელისუფლების ტენდენციაა დეესკალაცია დაძაბულობის და ამავე დროს, რომ ჩვენთვის პრინციპულია სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და ჩვენი ეროვნული პოზიციის გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. ეს ის თემებია, რაშიც ჩვენ ვერ ვხედავთ, რანაირად შეიძლება რამე მაინც იქნას დათმობილი. ეს განცხადებები კეთდებოდა როგორც არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების შემდეგ. ჩვენ არანაირად არ განვიხილავთ საქართველოს პერსპექტივაში, როგორც რუსეთისთვის პრობლემების ან დისკომფორტის შემქმნელ ქვეყანას, არამედ პირიქით, მიგვაჩნია, რომ საქართველო არის კეთილმეზობლური პოლიტიკის მიმდევარი, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იქნება აღიარებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს მესიჯი არც ერთ ეტაპზე, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების მერე არ შეცვლილა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაპირისპირების ფონის მოხსნაში წვლილი ოლიმპიადაში მონაწილეობამაც შეიტანა:

 

“რუსეთთან ჩვენი დაპირისპირების ისტერიული ფონი მოიხსნა, მათ შორის ჩვენი მონაწილეობით ოლიმპიადაში. ისტერია, დაპირისპირება, ემოცია მოიხსნა და ეს პოზიტიურია.”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი