“საქნახშირმა” შახტის მენეჯმენტის 3 წარმომადგენელი გაათავისუფლა – აქცია ტყიბულში

მეშახტეთა მოთხოვნის შემდეგ, “საქნახშირის” გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გიორგი ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ინფორმაცია ნეტგაზეთს კომპანიაში დაუდასტურეს.

მენეჯმენტის წარმომადგენლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ტყიბულის მერმა გაავრცელა, რომელიც დილით მეშახტეთა აქციაზე იმყოფებოდა. თემურ ჩუბინიძის თქმით, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდებათ უშუალოდ მინდელის შახტის უფროსსა და მის მოადგილესაც, სანამ გამოძიება არ დამთავრდება.

როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელიც მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუმცა ამას გამოძიების დასრულებამდე ვერ გააკეთებს. საქნახშირში ასევე განგვიცხადეს, რომ გენდირექტორი არც პასუხისმგებლობას მოერიდება.

შახტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების გათავისუფლებას ითხოვდნენ გაფიცული მეშახტეები და დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები. ისინი ტყიბულის ცენტრში მართავენ საპროტსტო აქციებს. კომპანიის ხელმძღვანელებმა მეშახტეთა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება დღეს გადაწყვიტეს.

ტყიბულის მერის, თემურ ჩუბინიძის თქმით, მეშახტეთა მოთხოვნების განხილვის პროცესში ჩართული არიან პრემიერ-მინისტრის აპარატი, უშუალოდ კომპანიის მეპატრონე და ასევე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც.

მინდელის შახტი, საქნახშირი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დღეს დილიდან, ტყიბულში, ადგილობრივ მეშახტეთა პირველადი პროფკავშირის ორგანიზებით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში დარგობრივი პროფესიული კავშირის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მათი თქმით, შახტებში უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს.

მეშახტეები ასევე მოითხოვენ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ შახტში სამუშაო პროცესების გაგრძელებამდე ისინი ანაზღაურებას ნამდვილად მიიღებენ.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მოთხოვნებია:

1. მოხდეს 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა;

2. განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება;

3. კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა;

4. ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი;

5. მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირის საპროტესტო აქცია ტყიბულში. ფოტო: გიორგი კიკაბიძე

16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი – ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი – ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.