ახალი ამბები

ივანიშვილმა შპს “აგროს” სანერგე მეურნეობები სახელმწიფოს გადასცა

14 თებერვალი, 2014 •
ივანიშვილმა შპს “აგროს” სანერგე მეურნეობები სახელმწიფოს გადასცა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სანერგე მეურნეობები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში, შპს “აგროში” იყვნენ გაერთიანებული, ახლა ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება.

 

“2007 წელს, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის დავალებით იქმნებოდა ეს ორგანიზაცია, იმთავითვე ვიცოდით, რომ როდესაც ცენტრი გაძლიერდებოდა და თავისით შეძლებდა ფუნქციონირებას, გადაეცემოდა სახელმწიფოს. ჯიღაურას ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა აღჭურვილია სრულყოფილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მანქანა-დანადგარებით, სატრაქტორო პარკით და გადაეცემა სამეცნიერო კვლევით ცენტრს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ ჯიღაურას სანერგე მეურნეობის დათვალიერებისას.

 

ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის დირექტორის ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაციით, მეურნეობაში გაშენებულია ქართული ვაზის 437 ჯიში, უცხოური ვაზის 350 ჯიში, ასევე, 300 სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი კულტურა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ ჯიღაურაში 54 ჰა ფართობზე განთავსებულ ცენტრში მიმდინარეობს ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ენდემური ჯიშების მოძიება, გამრავლება, კონსერვაცია; საძირეთა და სანამყენეთა ახალი ჯიშებისა და კლონების შერჩევა, სადედეების გაშენება-მოვლის უახლესი ტექნოლოგიების რეალიზება და მცენარეთა ფიტოსანიტარული მონიტორინგი.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, სამეცნიერო ცენტრში მუშაობა მეცხოველეობის მიმართულებითაც წარიმართება და დიდი ყურადღება მიექცევა ბიოწარმოებასაც. ცენტრში შეიქმნება სერტიფიცირების სამსახურიც. 

 

ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის დირექტორის ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაციით, არასამეწარმეო, ა(ა)იპ “აგროს” ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი