ახალი ამბები

იუსტიციის სახლი აპრილიდან ამუშავდება

14 თებერვალი, 2014 •
იუსტიციის სახლი აპრილიდან ამუშავდება

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იუსტიციის სახლის სახურავის, ე.წ. ფოთლის შიდა ნაწილში შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მას ემატება საყრდენი კონსტრუქციები და ეტაპობრივად სუფთავდება თავის დროზე დატოვებული სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან. 

 

„სამუშაოებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მოქალაქეებისთვის რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას თბილისის იუსტიციის სახლის მისაღები დარბაზი და სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანად. მოქალაქეთა დარბაზზე პირდაპირ კიდია ე.წ. ფოთოლი, რომელიც სახურავის ნაწილია, და თუ არ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ მოქალაქეებს არაფერი დაემართებათ მომსახურების სივრცეში, მანამდე, რა თქმა უნდა, ვერ გაიხსნება დარბაზი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა სარემონტო სამუშაოების დათვალიერებისას. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, „ფოთლის“ უშუალოდ დარბაზის თავზე არსებულ ნაწილის ზედაპირი მთლიანად დაბზარულია და ამიტომ შესასწავლია, რამდენად უსაფრთხოა შენობის სახურავი. შესწავლისათვის აუცილებელი ხდება დარბაზში სპეციალური ამწეს შეყვანა, რათა შესაძლებელი გახდეს დაზიანებების დათვალიერება და შესწავლა.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოებიც, რადგან მომსახურების ცენტრი მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ექსპერტები დარბაზის უსაფრთხო ფუნქციონირებაში ბოლომდე დარწმუნდებიან.

 

იუსტიციის სახლის ავტოსადგომის სარემონტო პროცესები უკვე დასრულებულია. ავტოსადგომზე კომუნიკაციების მონტაჟი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

 

“იუსტიციის სამინისტრო საექსპერტო და სამშენებლო ტექნოლოგიების სრული დაცვით მაქსიმალურად მოკლე დროში ცდილობს, აღადგინოს დაზიანებული სახურავის ნაწილი, რათა არც ერთ მოქალაქეს არ შეექმნას საფრთხე იუსტიციის სახლის მომსახურების დარბაზში”- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის დასრულებას იუსტიციის სამინისტრო აპრილის პირველ ნახევრში გეგმავს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვიტარების სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი