თამაზ მარგველაშვილი ამბობს, რომ ქალაქში არსებული ვითარების გამო ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა:
„როგორც ყველასთვის ცნობილია, ორი დღის წინ მამუკა მღვდელაძემ, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ მიმართა მოსახლეობას და მათ დესტაბილიზაციისკენ, გაფიცვისაკენ და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ამის გარდა, გაიმართა თათბირი, სადაც დაბარებული იყვნენ ტერიტორიული ორგანოების და აიპების ხელმძღვანელები, რომლებსაც დაავალეს, რომ თანამშრომლები მეორე დღეს მიტინგზე მოეყვანათ მერიის წინ და ამით ხელი შეეშალათ მერიისთვის და საერთოდ ქალაქისთვის. ეს არის დაუშვებელი, რომ საჯარო მოხელე სახელმწიფოს უწევდეს წინააღმდეგობას და აკეთებდეს აქციას. ამ მოვლენებიდან გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება და დღეს დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ, მივმართე საკრებულოს, რომ დააკმაყოფილოს ჩემი განცხადება. ამისათვის ორშაბათს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დავნიშნე.“
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მან ქალაქის წინაშე თავისი ვალი მოიხადა და ის პირნათელია ქუთაისის წინაშე.
„შესაბამისად, არავის მივცემ უფლებას შეურაცხყოს ჩემი მოქმედება ან სახელი რაიმე უზნეო მოქმედებებით.“
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის აზრით, მარგველშვილს არ უნდოდა გადაყენებული დარქმეოდა და ამიტომ გადადგა:
„მე ვერ ვიტყვი, რომ მისი ეს ნაბიჯი ძალიან დიდი გმირობა იყო, მაგრამ უარესზე უკეთესი არის. მადლობას ნამდვილად ვერ გადავუხდი. ახლა საკრებულოს თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელი აღუდგენს ბატონ შოთა მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსს. მურღულია სტაბილურობის გარანტია და ვისურვებდი, რომ რამდენიმე წელი იყოს ისეთი წარმატებული, როგორი პირველი ნაბიჯებიც ჰქონდა ქუთაისში,”- აცხადებს მღვდელაძე.
ამ წუთებში ქუთაისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს საკრებულოს წევრებმა მარგველაშვილის გადაწყვეტილება აცნობეს, რასაც შეკრებული საზოგადოება სიხარულით შეხვდა.