ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა

14 თებერვალი, 2014 •
სააპელაციო სასამართლომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა საქალაქო სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, ე.წ. ციხის ბუნტის საქმის ერთ ეპიზოდზე, პლატონ მამარდაშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე, უცვლელი დატოვა.

 

პროკურორი რევაზ ნადოი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერ იტყვის, გასაჩივრდება თუ არა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. 

 

“მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც დღევანდელი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჩაგვბარდება და გავეცნობით. დღევანდელ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით.”- აცხადებს პროკურორი.

 

როლანდ ახალაიას განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლო. 

 

“თუ ვიმსჯელებთ სამართლებრივი კუთხით, მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვტილება. ხოლო თუ ვერ გაუძლებდა მოსამართლე პოლიტიკურ ზეწოლას და მიიღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაშინ სხვა განაჩენი უნდა გამოეტანა”,- განაცხდა როლანდ ახალაიამ. 

 

პროკურატურა საჩივარში ასევე ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლას მეგის ქარდავასთვისაც, მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ქარდავას მიმართაც ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ბაჩო ახალაია მართალია:

 

“ბაჩო ახალაია კიდევ ერთხელ გამართლდა, მან გაიმარჯვა კრიმინალურ სამყაროსთან გადაბმულ ხელისუფლებასთან ბრძოლაში. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ახდენენ პროკურატურა, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ა.შ. საქმეების ფალსიფიცირებას. სიმართლე არასოდეს არ დაიმალება და თავს გაიტანს, ამის დასტურია ყველა ის პროცესი, სადაც ახალაია გამართლდა”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი