მუშების მოთხოვნა ხუთპუნქტიანია. ისინი ხელფასების 100%-იან ზრდას, სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების დადებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას მოითხოვენ.
მალხაზ ჟიჟიაშვილი, RMG Copper-იდან დათხოვილი თანამშრომელი ამბობს, რომ შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილით მიუვიდა. იგი მიიჩნევს, რომ გაფიცვის ორგანიზებაში მონაწილეობის გამო კომპანიამ დასაჯა.
“საგაფიცვო კომიტეტში ვიყავი. ვმუშაობ “ბელავერის” მძღოლად. არ მქონია არც ერთი შენიშვნა მიღებული. არც დარღვევა, სიტყვიერი გაფრთხილებაც არ მქონია მიღებული ამ 18 წლის განმავლობაში. ვვარაუდობ, რომ საგაფიცვო კომიტეტმა იმუშავა დიდი როლი, რომ იქ ვიყავი”, – ამბობს ჟიჟიაშვილი.
მისი თქმით, კომპანიის შემოსავალი იზრდება, ხოლო მისი ხელფასი 2006 წლის შემდეგ არ გაზრდილა.
“მოთხოვნა გვქონდა ხელფასის გაზრდის. 100%-ით ვითხოვდით, მაგრამ მთლიანობაში არ ჰქონიათ მცდელობა, რომ შემოთავაზება ყოფილიყო თუნდაც 20-30%-ზე”, – ამბობს ჟიჟიაშვილი.
კომპანია RMG-ის კომერციული დირექტორი სოსო ცაბაძე ამბობს, რომ კომპანია გაფიცულების მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებს, რადგან ფინანსური პრობლემები აქვთ.
“მოთხოვნა, რომ 100%-ით გაეზარდოს ხელფასები ყველა მუშა მოსამსახურეს, არის აბსურდული. ყველას რომ მოვუმატოთ ხელფასი, ხვალ კომპანია უნდა დავხუროთ. ერთი თვე ექნებათ 100%-ით ხელფასის მატება, ხვალ იქნება ნული”,- აცხადებს ცაბაძე.
თამაზ დოლაბერიძის, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, კოლექტიური შრომითი დავა საწარმოში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მისი თქმით, ადმინისტრაცია ორი თვეა მუშებს ხელფასების გაზრდას უშედეგოდ ჰპირდება.
საწარმოში შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტი, რომელშიც 21 წევრი შედიოდა. მუშები RMG-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 23 იანვარს გაირკვა, რომ საწარმო არ აპირებდა მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ მათ 24 იანვარს გაციფვის გადაწყვეტილება მიიღეს, აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.
30 იანვარს საწარმომ 184 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. მუშები და პროფკავშირების წარმომადგენელი მიიჩნევენ, რომ გაფიცვაში მონაწილეობის გამო დატოვეს მუშებმა სამსახური.
“23 იანვრიდან 30 იანვრამდე არის 7 დღე. ხომ არ შეიძლება საწარმოში მოხდეს ისეთი რამ, რაც ერთ კვირაში ისეთ კრიზისს დააყენებს, რაც გამოიწვევს 184 ადამიანის გათავისუფლებას. ამ ადამიანებზე მიიტანეს შეტევა გაფიცვის ორგანიზების გამო. დასაქმებულთა წარმომადგენლობის ჯგუფში 21 ადამიანი იყო და 18 გათავისუფლებულია. მთელი საგაფიცვო კომიტეტი გაათავისუფლეს”,- ამბობს დოლაბერიძე.
სოსო ცაბაძის თქმით, 184 ადამიანის გათავისუფლება ნოემბერში დაიგეგმა, საყდრისის საკითხის გაჭიანურებისა და სხვა პრობლემების გამო. ხოლო ახალი წლის წინა დღეებში უსამსახუროდ არ დატოვეს დღეს უკვე გათავისუფლებული ადამიანები.
RMG-ის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მუშების გათავისუფლება რომ გაფიცვასთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაშინ მათ წინა წლის ნოემბერში გაათავისუფლებდნენ, მაშინ, როცა საგაფიცვო კომიტეტი ჩამოყალიბდა.
ცაბაძის მტკიცებით, კომპანიამ დასაქმებულები კანონის დაცვით გაათავისუფლა. მათ ორი თვის თანამდებობრივი სარგო და გამოუყენებელი შვებულება მიეცათ.
“თუ კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და საწარმოს ისევ დასჭირდა მუშები, პირველ რიგში გათავისუფლებული თანამშრომლები დასაქმდებიან”,- აცხადებს ცაბაძე.
დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ საწარმოში არსებული სახელფასო დონე 2006 წელსაა დაფიქსირებული და იმის შემდეგ აღარ მომატებულა, იმ ფონზე, როცა 2006 წლიდან სამომხმარებლო ფასებზე 44.3% ფიქსირდება ინფლაცია. დოლაბერიძის თქმით, 2009 წელს საწარმოს მუშებს 20% მოაკლეს ხელფასი.
დოლაბერიძის მტკიცებით, სპილენძის მადნების გაყიდვის მაჩვენებლი მთელ წინა რვა წლის მაჩვენებელს ჯობია. 2013 წელში საექსპორტოდ გატანილი სპილენძის მადნიდან მიღებული შემოსავალი 2012 წელში მიღებულ შემოსავალზე სამჯერ მეტია.
ცაბაძე არ ეთანხმება დოლაბერიძის მოსაზრებას და ამბობს, რომ კომპანიის წინააღმდეგ ინსინუაციებს აწარმოებს.
“თუ დავუჯერებთ დოლაბერიძის მონაცემებს, ათ თვეში საწარმოს გაუკეთებია 158 მილიონი დოლარი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საგადასახადოს მონაცემები. აქ ორი ვარიანტია. ან დოლაბერიძე ჩვენ ბრალს გვდებს იმაში, რომ ფული მოვიპარეთ და სახელმწიფოს დავუმალეთ, ან თვითონ აკეთებს ინსინუაციას აბსოლუტურად ამ მონაცემებზე. საიდან იღებს ამ მონაცემებს? თავისი სტატისტიკის დეპარტამენტი აქვს? არ ვიცი”,- განაცხადა ცაბაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, 2006 წელთან შედარებით გადაუმუშავებელი თუ ნახევრად გადამუშავებული სპილენძის მადნის ექსპორტი 2013 წელს გაზრდილია.

სოსო ცაბაძის განმარტებით, კომპანიაში საწარმოო პროცესი მთელი დატვირთვით არა, მაგრამ მუშაობს.
დოლაბერიძე განმარტავს, რომ კანონით RMG-ის აქვს უფლება ახალი თანამშრომლები მიიყვანოს, მაგრამ გაფიცვაში მონაწილეობა არ შეიძლება გახდეს გათავისუფლების მიზეზი.
კომპანიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები კი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და იმედი აქვთ, რომ კომპანიის სხვა თანაშრომლებიც მათ შეუერთდებიან.




