ახალი ამბები

ხადური: ცნობილი ლოზუნგის არ იყოს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია

14 თებერვალი, 2014 •
ხადური: ცნობილი ლოზუნგის არ იყოს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია

“მინდა უჩვეულო თხოვნით მოგმართოთ, რომ დღევანდელი დღის საკმაოდ დიდი ნაწილი დავუთმოთ თქვენს შენიშვნებს და ჩვენს შეცდომებს ეკონომიკურ პოლიტიკაში გასულ წელს, რათა პირუთვნელად ვნახოთ, რა საკითხები იყო, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გადაწყვეტილიყო, ვნახოთ ის ობიექტური რეალობა, რომლის პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მომავალი პოლიტიკა იყოს უფრო ოპტიმალური და უფრო კარგი შედეგი მივიღოთ”, – ამ სიტყვებით მიმართა ეკონომიკის საკითხების სპეციალისტებს ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის დასაწყისში.

 

შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, თუმცა იგი ჟურნალისტებისთვის დახურულია. შეხვედრის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება იანვრის მონაცემები დღგ-ს ბრუნვის თაობაზე:


“დაველოდოთ, მე მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ზედდებულების გაანალიზების მიხედვით, დაახლოებით 20%-ით არის დღგ-ს ბრუნვა გაზრდილი 2014 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით. აკრებილი გადასახადების მოცულობა არის 14%-ით იანვარში გაზრდილი, წინა წლის იანვართან შედარებით. 22%-ით არის გაზრდილი ექსპორტი და 17%-ით არის გაზრდილი იმპორტი. ანუ მოთხოვნა გაჩნდა ქვეყანაში. საინტერესო ის არის, რომ გაზრდილია სამშენებლო მასალების იმპორტი, რაც ასევე შეიძლება ერთ-ერთი არგუმენტი იყოს.

 

ჩვენ ვაანალიზებთ ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად და გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, თუმცა გაზრდილი არ არის მოსახლეობის ხარჯზე. ესეც ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია. თუმცა, ცნობილი ლოზუნგის არ იყოს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დოლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხზე:

 

“პრობლემა, რომელმაც ყველა თქვენგანი შეაშფოთა, არის გაცვლითი კურსი. ნოემბრის ბოლოსკენ გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე, რაც იყო ლოგიკური, რადგან ამის პარალელურად იმპორტის ზრდაც დაიწყო. ამავე დროს ქვეყნის ეკონომიკაში დოლარიზაციის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია, 70%-ს აღემატება და გამოცოცხლების პროცესში, ცხადია, იწყება დოლარის ზრდა.

 

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ კურსთან მიმართებაში საწვავი 19%-ით გაძვირდა, მინდა ყველას ვთხოვო, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, რადგან გაძვირებამ ერთი პროცენტიც კი არ შეადგინა, ალბათ, ასეთი ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა კარგი არ არის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი