კამპანიის ფარგლებში, ქალები გამოდიან სახლებიდან, სამსახურებიდან და ცეკვით ერთიანდებიან, რათა მთელმა მსოფლიომ იხილოს მათი ერთიანობა და ძალისხმევა სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისთვის.
საქართველოში უკვე მეორე წელია აღინიშნება ეს დღე და საზოგადოება მშვიდობიანი პერფორმანსის გზით უერთდება მსოფლიო მოწოდებას სამართლიანობისათვის.
დღეს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიცირებით რამდენიმე მოხალისე და პროფესიონალი მოცეკვავე თბილისში, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე იცეკვებს. ისინი ცეკვით შეუერთდებიან ქალთა უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ჩატარებული არაერთი კვლევა მიუთითებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე, რისი მიღწევაც შესაძლებელია კამპანიაში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფით, რადგან კამპანიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ძალადობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის ბრძოლაა.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და უერთდება მილიარდ ამბოხებულთა კამპანიას.
“დღეს, როცა მრავალი ქალი – შევიწროებული და დამცირებული, ცხოვრობს ძალადობრივ გარემოში, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი ფორმებით დავგმოთ ძალადობა, გამოვხატოთ თანადგომა და გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”, – აცხადებს ომბუდსმენი.
კამპანიის სლოგანია “მილიარდი მოცეკვავე ქალი უკვე რევოლუციაა!”





