“პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით კომენტარს ვერ ვაკეთებთ, სანამ დეტალებში არ გავერკვევით. ჩვენი გენერალური დირექტორი არ იმყოფება თბილისში, ისიც გაერკვევა სიტუაციაში, ჩამოვა და ოფიციალურ პოზიციას დავაფიქსრებთ”, – აცხადებენ ჯეოსელში.
“კომენტარის გარეშე, უბრალოდ, ვადასტურებთ [შესვლის] ფაქტს”, – უთხრა ნეტგაზეთს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით ჯეოსელში გუშინ შევიდა.
რამდნეიმე დღის წინ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის (მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებები) გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მაგთიკომმა და ჯეოსელმა გაიმარჯვეს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა საორიენტაციოდ 300 000 აბონენტით განისაზღვრება.
“ერთზე მეტი გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენის შემთხვევაში, აბონენტთა საორიენტაციო რაოდენობის გადანაწილება გამარჯვებულ კომპანიებს შორის მოხდება თანაბრად, გამარჯვებული მიმწოდებლების რაოდენობის პროპორციულად”.
მომსახურების მიწოდების ვადა 2014 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო ეტაპობრივად 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ტენდერში, გარდა მაგთისა და ჯეოსელისა, კომპანია მობიტელიც [ბილაინი] მონაწილეობდა, თუმცა, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, საუბარია მობილური ინტერნეტის სიჩქარის მოთხოვნასთან შეუსაბამობაზე.




