ახალი ამბები

მოსაზრებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და გეგმაზე

13 თებერვალი, 2014 •
მოსაზრებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და გეგმაზე

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებები საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია და საქართველო ყველანაირად ეცდება ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაიზიაროს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით:

 

“ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ, როგორიც არის ადამიანის უფლებები, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ ამით ვიწყებთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობას და განმტკიცებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველომ სწორება უნდა აიღოს ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე. დღევანდელი დღე იმის დასტურია, რომ ჩვენს გუნდს აქვს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ დასახულ მიზანს რეალურად მივაღწიოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სწორედ ამ სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება:

 

“აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცეს. სტრატეგიისა და გეგმის შედგენის პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე, შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი უცხოელი მეგობრები და სამოქალაქო საზოგადოება. სულ მალე ამოქმედდება ეს სტრატეგია და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში დამყარდეს ევროპული ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება გააჩნია ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, როგორიც იყო ციხეებში შექმნილი მდგომარეობა, თუმცა დღეს სიტუაცია შეცვლილია და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პატიმრების მხრიდან არც ერთი საჩივარი არ შესულა:

 

“ამ სტრატეგიის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული შედეგი, რომელსაც ქვია თანამედროვე ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა, მაგრამ აგრეთვე პრიორიტეტია ადამიანის უფლებები, რადგან სწორედ ის ქვეყნები არიან ევროპული ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩვენს მთავრობაში არის ყოფილი ომბუდსმენი, რითიც ყველაფერია ნათქვამი, როდესაც მთავრობა აქცევს თავის პრიორიტეტად ადამიანის უფლებებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გეგმა და სტრატეგია არ წარმოადგენს იმ საბოლოო ვარიანტს, რაც პარლამენტს წარედგინება. შენიშვნები და რეკომენდაციები მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკვე წარუდგინეს.

 

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, გათვალისწინებული იქნება თუ არა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში საიას მიერ გაგზავნილი რეკომენდაციები:

 

“ჩვენ გვაქვს მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს აღნიშნულ დოკუმენტში. მთავარი ჩვენი წუხილი არის ის, რომ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომავალ 7 წელზეა გათვლილი, უნდა ასახავდეს არსებული პრობლემების ანალიზს უფრო უკეთ, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაში გვაქვს. დოკუმენტში, რომელიც დაახლოებით 16 გვერდისგან შედგება, 13 გვერდი ეთმობა შესავალს, ჩართულობას, ისტორიული აქცენტების გაკეთბას, მაშინ, როცა ეს უნდა იყოს მინიმალიზებული და მთავარი აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული არსებული პრობლემების ანალიზზე. ამის გარეშე მომავალი ხედვის ჩამოყალიბება ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია”, – აცხადებს კოჟორიძე.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მისთვის უცნობია, როგორი იქნება სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტში იყოს პუნქტი, რომელიც ადამიანის პერსონალური ინფორმაციის დაცვას შეეხება:

 

“მნიშვნელოვანია მოხდეს პერსონალური ინფორმაციის დაცვა და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ იქნება გადამეტებული უფლებამოსილება და ისინი არ განახორციელებენ თვალთვალს ან მიყურადებას ჩვენი მოქალაქეების. თუ ეს ჩაიდება დოკუმენტში, ეს იქნება გამოხატულება იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური ნება ამ მიმართლებით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოსამართლეთა მონიტორინგი. ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ არის კავშირში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან”, – აცხადებს ეკა გიგაური.

 

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამერბერგმა განაცხადა, მთავარია ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიასა და გეგმაში მოცემული საკითხების რეალობაში დანერგვა მოხდეს:

 

“როდესაც საუბარია ადამიანის უფლებებზე, ჩვენ გვახსენდება ყველაზე ძირეული პრინციპები, როგორიც არის კანონის წინაშე თანასწორობა, რომ ყველას ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი ქონებრივი მდგომარეობისა, წარმომავლობისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნისა. ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში. ქალები უნდა სარგებლობდნენ ყველა იმ უფლებით, რომლითაც სარგებლობენ მამაკაცები. სიტყვის თავისუფლება არის კიდევ ერთი ფუნდამენტური უფლება და, რა თქმა უნდა, უმცირესობების უფლებები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს უფლება იყოს არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი, არამედ დაინერგოს რეალობაში. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რიგითმა ადამიანმა გააცნობიეროს რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა”, – განაცხადა თომას ჰამერბერგმა. მისი თქმით, საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა და ამ კუთხით აქტიური მუშაობა მომავალშიც უნდა გააგრძელოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი