“მოგეხსენებათ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მიღებული კომისიის დადგენილების დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ყველა მაუწყებელი და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმები საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს პირველადი წარმოების ენაზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. დადგენილების თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მის ეთერში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმების 30% იყოს სუბტიტრირებული. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზანია ეს ვალდებულება შემცირდეს 10%-მდე და ტელეკომპანიებს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმების მხოლოდ 10% განთავსების ვალდებულება ჰქონდეთ საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. რადგან კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე ტელეკომპანიების წერილობითი გამოკითხვა ჩაატარა და მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ რაოდენობით სუბტიტრირებული ფილმები მათ რეიტინგებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს (განსაკუთრებით რეგიონებში). საკითხის განხილვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით წარიმართება და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცემა”, – ნათქვამია კომისიის პრესრელიზში.