ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს მიზანი საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირება, სხვადასხვა სექტორებში ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება, ინოვაციური მეწარმეობის, კვლევების და გამოგონებების კომერციალიზაციის ხელშეწყობა იქნება.
“სააგენტო ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების ქვეყნის ინდუსტრიაში დანერგვის ხელშეწყობისათვის სპეციალურ ხელშემწყობ პროექტებს და პროგრამებს განახორციელებს. ასევე, ხელს შეუწყობს კვლევების შედეგების კომერციალიზაციის, IT ბიზნესის, დისტანციური დასაქმების, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და დანერგვას. განახორციელებს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას. სააგენტოს მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ექსპორტზე ორიენტირებული IT ინდუსტრიის ფორმირებას, ასევე, ინოვაციური Start-up-ების და ტექნოლოგიური კომპანიების გაჩენის ხელშეწყობას, ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენების ეფექტურობის ზრდას”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სააგენტო ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს და განახორციელებს ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფორმირებას, მათ შორის ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, აქსელერატორების, ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას.