მან დღეს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” იურისტებთან – კახა კოჟორიძესა და მაია ხუციშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და იმ პოლიციელების სახელები და გვარები დაასახელა, რომლებიც დარახველიძის მტკიცებით, მის დაშანტაჟებას ცდილობენ:
“გლდანი–ნაძალადევის რაიონის მე–9 განყოფილების უფროსი მამუკა ბოხუა და მისი მოადგილე გიორგი ალადაშვილი”, – აცხადებს ხერხეულიძე და დასძენს, რომ ზემოხსენებული პირები გუშინ პოლიციის განყოფილებაში დაემუქრნენ, რომ “ჩაუდებნდნენ იარაღს და ციხეში გაუშვებდნენ”, თუ მათ მითითებებს არ შეასრულებდა. ხერხეულიძის განმარტებით, ეს “თანამშრომლობა” გულისხმობდა იმას, რომ მას პოლიციისთვის გარკვეული ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა, მათ შორის ის, თუ რა ხდებოდა უბანში, ვინ იკეთებდა წამალს და ა.შ.
“ან დამიდებდნენ ნარკოტიკს და გამიშვებდნენ ციხეში, ან კიდევ უნდა მეთანამშრომლა მათთან ისე, რომ მე ვისაც ვიცნობ – ბიჭებს თუ გოგოებს, ბევრი იღებს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მე რა ვიცი, ვინ რას აკეთებს? მე სხვის საქმეში არ ვერევი. ჩემი შვილები მყავს მისახედი, რატომ მიკეთებენ ასეთ რაღაცას, ვერ წარმომიდგენია საერთოდ. მეუბნებოდნენ, რომ თუ ვინმეს იარაღი ექნება, ვინ ქურდობს, ვინ ყაჩაღობს, ვინ ნარკომანია და ა.შ. ეს ინფორმაცია უნდა მივიტანო მათთან, ვითომ. მე სულით ასეთი არ ვარ. მირჩევნია ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა, ვიდრე მაგათ ინფორმაცია მივუტანო. არც ვიცი, ვინ რას აკეთებს. ჩემი შვილებისკენ მაქვს მთელი ყურადღება გადატანილი”, – აცხადებს ხერხეულიძე, რომელიც წარსულში ნასამართლევია.
“2012 წელი იყო, გამოვედი სახლიდან ჩვეულებრივად, მე–9 განყოფილების მანქანა მომადგა და წამიყვანა ნარკოლოგიურში. შემამოწმეს და აბსოლუტურად სუფთა ვიყავი იმიტომ, რომ მე არაფერს ვიღებ. ამიტომ დამიწერეს დაუმორჩილებლობა და ტყუილად გამიშვეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ახლა ამ განყოფილებაში თანამშრომლები შეცვლილები არიან, მაგრამ ესენიც იგივეს აკეთებენ”, – ამბობს ხერხეულიძე.
“მათ ამ თანამშრომლობის მოთხოვნა იძულებითი ფორმით გააკეთეს. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და საბოლოოდ დავითი ამას დათანხმდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეუბნებოდნენ, რომ თუ შენ ახლა ამაზე არ დაგვთანხმდებიო, წამალს ჩაგიდებთო და ციხეში გაგიშვებთო”, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ, იურისტმა კახა კოჟორიძემ.
ხერხეულიძის მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაში მას უთხრეს, რომ ასეთი “თანამშროლობის” შესახებ სხვა ადამიანებთანაც ჰქონდათ საუბარი:
“სხვათა შორის, მითხრეს, რომ ბევრი თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა, მაგრამ ახლა წავიდნენ და დაგვემალნენო, იმათ როცა დავიჭერთ, ძალიან დიდ “სროკებს შევტენითო”. დღეს ვიყავი დაბარებული. ახლაც ელოდებიან ჩემს ზარს, რომ უნდა დავურეკო… ერთი ჩემი მეზობლის საქმეზე, რომელსაც ფარულად უნდა უთვალთვალონ და თუ რამეს [ნარკოტიკს] აიღებს, უნდა აიყვანონ, ხოლო მე ამ პირს ვითომ ფული უნდა მივცე, რომ ჩემთვისაც მოიტანოს ნარკოტიკი”, – განაცხადა ხერხეულიძემ და ჟურნალისტებს ტელეფონის ის ნომერი გადასცა, რომელზეც, მისი თქმით, მამუკა ბოხუასთვის უნდა დაერეკა.
“ნეტგაზეთმა” ზემოხსენებულ ნომერზე დარეკა და ის მართლაც მამუკა ბოხუას საკუთრება აღმოჩნდა, თუმცა მან ხერხეულიძის მონათხრობი კატეგორიულად უარყო:
“დაბრალება ეგრე არ ხდება… შეიტანოს [საჩივარი] პროკურატურაში კი არა, თუ უნდა გაეროს ელჩთან დარეკოს. სადაც საჭიროა, იქ გავცემ პასუხს ისეთ პიროვნებებს, რომლებიც დაკავებულები არიან მსგავსი სიბინძურეებით, რათა სხვებს ჩირქი მოსცხონ. რაც შეეხება ჩემს სამსახურებრივ საქმიანობას, არავისთან გადამიცილებია ჩემი უფლება–მოვალეობებისთვის”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ დავით ხერხეულიძეს საერთოდ არ იცნობს:
“ფარული კამერაა? “მეკაიფებით” თუ რა ხდება?! თავი 1990–იანი წლების დასაწყისში მგონია. რას ჰქვია ჩავუდებდი? რომელი საუკუნეა, ხალხო?! მეცინება, უბრალოდ. თუ უნდა, შეიტანოს სარჩელი, მზად ვარ ნებისმიერ პროკურორთან, სასამართლოში მივიდე და გავცე პასუხი”, – განაცხადა ბოხუამ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ პროკურატურაში ამ საქმეზე საჩივარი უახლოეს ხანებში შევა. მისი თქმით, ხერხეულიძის მონაყოლის დადასტურების შემთხვევაში იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, ამიტომ იგი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს:
“სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა ამ ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები, მაგალითად, უკანონო დაკავება, დანაშაულის პროვოცირება, მუქარა, იძულება, არაერთი დანაშაული შეიძლება გამოიკვეთოს მთელ ამ ამბავში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ახლა არის ის, რომ დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ის ინფორმაცია, რაც ბატონმა დავით ხერხეულიძემ ჩვენ მოგავწოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ოჯახი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. თავად ბატონი დავითი მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მისი სოციალური სტატუსი თუ რაღაც მსგავსი გარემოებები შესაძლებელია გახდა საფუძველი, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს მისი სოციალური სტატუსით. ამ კუთხითაც უნდა დაფიქრდეს გამოძიება. ჩვენი მოწოდება არის ის, რომ დაუყოვნებლივ იქნას ეს ფაქტი გამოძიებული. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ, წერილობითი განცხადება შევა პროკურატურაში. მას ეშინია, რომ შესაძლებელია ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ის დაკავებულ იქნეს, ან მართლაც ჩაუდონ ნარკოტიკული საშუალებები”, – განაცხადა კოჟორიძემ.