აქციაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, მერიის აპარატის თანამშრომლების ნაწილმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს.
როგორც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ამბობს, ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის 14 თებერვალს დანიშვნას მოითხოვენ, რათა თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი გადააყენონ.
“ველოდებით, რომ ხვალ სხდომას დანიშნავს და თვითონ გადადგება, მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათს გადავაყენებთ,” – აღნიშნავს მღვდელაძე.
აქციის მონაწილეებთან შოთა მურღულიაც გამოვიდა. მურღულიამ მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მალე ყველაფერი წესრიგში მოვა:
“ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება პირადი ინტერესების გატარება თვითმმართველობის მიერ”.
საკრებულოს თავმჯდომარემ მერის მოვალეობის შემსრულებლად ნიკო კაჭკაჭიშვილი დანიშნა, თუმცა მან მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა, რაც ხალხის გაღიზიანებით ახსნა:
“ისე კრიტიკულად განვითარდა მოვლენები, რომ ჩემ მიერ მოვალეობის შესრულება უფრო მეტ გაღიზიანებას და ინსინუაციას გამოიწვევდა და მივიღე გადაწვეტილება, რომ უარი ვთქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე. მოვუწოდებ მხარეებს, რომ დასხდნენ ერთად და ის გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ქუთაისის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.”
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა თამაზ მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს.
აქციას იმერეთის ჩოხოსანთა კავშირის თავმჯდომარე ლევან როხვაძეც შეუერთდა და მერიასთან ლექსი წაიკითხა. აქციაზე სიტყვით “ეროვნული ფორუმის” ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე კახი დვალიშვილიც გამოვიდა.
განცხადებაში, რომლის საფუძველზეც მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა, წერია, რომ შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე:
“ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლის მიერ, გარკვეული გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო არ არიან დანიშნულნი თაბნამდებობზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვვეს და ხელს უშლის ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, საგრძნობლად აფერხებს ინფრასტრუქტურული და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვნად სასიცოცხლო პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეუწყდა.







