“ეს არის ძალიან ვიწრო ჯგუფების პრობლემა, რომლებიც ქუთაისში არიან და აქვთ პრეტენზია ქალაქის მართვასთან დაკავშირებით. საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია კანონთან. ეს არის აბსოლუტურად უკანონობა და მორალის და ზნეობის ჩარჩოებშიც არ ჯდება.
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც პირველ რიგში ქალაქის მოსახლეობისთვის არის ცუდი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ, დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
დავით ნარმანიას ყოფილი მოადგილე შოთა მურღულია რამდენიმე თვის წინ (გასული წლის ნოემბერში) დაინიშნა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით საკრებულოს თავმჯდომარემ ის დაითხოვა. მურღულიას თქმით, ეს არის უკანონობა და ის სამართლებრივი გზით შეეცდება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
გუშინვე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ქუთაისის ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებს მოუწოდა, გამოვიდნენ შოთა მურღულიას მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც დღეისთვის არის დაგეგმილი ქუთაისში.




