განცხადებაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს, წერია, რომ აღნიშნულ სიტუაციაში, “საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ არ მიიღო არანაირი ზომები, რათა გამკლავებოდა ამ სერიოზულ გამოწვევას, არამედ ის დღეს დაკავებულია რუსეთის ხელისუფლების საქციელის გამართლებით.”
“ამ ყველაფრის კულმინაციად იქცა მარიონეტული რეჟიმების ლიდერთა ოლიმპიადის ოფიციალურ ლოჟაში სტუმრის სტატუსით გამოჩენა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთი ციხელაშვილის მტკიცება იმის შესახებ, რომ თიბილოვისა და ანქვაბის ლოჟაში ყოფნა არ არის პროტესტის საფუძველი, არის უპასუხისმგებლო.”
გარდა ამისა, ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის წყალობით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის მიერ საკუთარი სახლებიდან გამოყრილი დევნილების დაბრუნების, ასევე, მათი საკუთრების უფლების საკითხი პრაქტიკულად გაქრა დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
“საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია არაფერი, რათა ოლიმპიადის მიმართ არსებული ყურადღება გამოყენებულიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო აქტუალიზაციისათვის. გასული წლის განმავლობაში მმართველ გუნდს არ გამოუყენებია არც ერთი საერთაშორისო ფორუმი, ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრა, რათა პუტინის მიერ ოლიმპიადის გადასარჩენად გაკეთებული არაერთი დათმობიდან ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო საქართველოს საკითხთან დაკავშირებით,”- წერია განცხადებაში.




