ახალი ამბები

IDFI: გაუგებარია რატომ არ შეეცადა კულტურის სამინისტრო საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვას

12 თებერვალი, 2014 • • 1013
IDFI: გაუგებარია რატომ არ შეეცადა კულტურის სამინისტრო საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვას

2013 წლის 8-11 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” კულტურის სამინისტროდან გამოითხოვა 2013 წლის სამივლინებო ხარჯების შესახებ დოკუმენტაცია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებაში თითოეული თანამდებობის პირისთვის სასტუმროში სამი ღამის ხარჯის დასაფარად ბიუჯეტიდან გამოიყო 5496 ლარი, ანუ 2 445 ევრო, რაც ერთ ღამეში დაახლოებით 815 ევროს შეადგენს. 

IDFI-ის ცნობით, ფრანკფურტში ვიზიტისას მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდა სასტუმრო „ლე მერიდიენში“, სადაც გატარებული 3 ღამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 488 ლარი დაიხარჯა. ფრანკფურტის ვიზიტისთვის სასტუმროსა და გზის ჯავშანი უზრუნველყო კომპანიამ „ეს სი თრეველი“.

 

კომპანიის მიერ გამზადებული ინვოისიდან ჩანს, სამინისტრომ სასტუმროს 16 488 ლარის გარდა გადაუხადა სამი ავიაბილეთის საფასური, რამაც ჯამში შეადგინა 21 285 ლარი, აცხადებს IDFI.

 

სასტუმრო „ლე მერიდიენის” ვებ-გვერდის მონაცემით, სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული, 40-45 კვ.მ-ის ფართობის მქონე Junior Suite-ის ფასია 459 ევრო, რაც საქართველოს დელეგაციის მიერ ერთ ღამეში გადახდილ თანხაზე თითქმის ნახევრით, 356 ევროთი ნაკლებია. ვებ-გვერდის საშუალებით, დაჯავშნის მცდელობისას ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასურად 369 ევრო არის მითითებული, აცხადებს ორგანიზაცია. 

IDFI სასტუმრო „ლე მერიდიენს“ დაუკავშირდა და იკითხა ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასური.

 

“როგორც სასტუმროდან გვაცნობეს, 45 კვ.მ-მდე ფართობის ოთახის ღირებულება შეადგენს 369 ევროს, ხოლო სამი ღამის შემთხვევაში გააკეთებდნენ ფასდაკლებას და ღირებულება შემცირდებოდა 309 ევრომდე. ამას გარდა, IDFI დაუკავშირდა შპს „ეს სი თრეველს“, რომელმაც დაჯავშნა სასტუმრო და ავიაბილეთები კულტურის სამინისტროსთვის. როგორც ტურისტული კომპანიიდან მოგვწერეს, Junior Suite-ის ერთი ღამის ფასი შეადგენს 425,66 ევროს.

ორგანიზიაცია აცხადებს, რომ გაურკვეველი რჩება, თუ როგორ გაიხარჯა სასტუმროს ერთ ნომერზე ერთ ღამეში 815 ევროს ექვივალენტი ლარი.

 

“შესაძლებელია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში სასტუმროს გაეძვირებინა ნომრის ღირებულება, თუმცა ნომრის ორმაგი ღირებულება ჩვენი ვარაუდით ფაქტობრივად გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული გარემოება ბადებს აგრეთვე ეჭვს კულტურის სამინისტროს კონტრაქტორი ტურისტული კომპანია SC Travel-ის სანდოობის მიმართაც, რომელმაც სამინისტროს შესთავაზა სასტუმროს ნომრები საკმაოდ ძვირადღირებულ ფასებში. გაუგებარი რჩება, თუ რატომ დათანხმდა კულტურის სამინისტრო კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ძვირადღირებულ მომსახურებას და რატომ არ შეეცადა მოეხდინა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

IDFI-ს გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გასული წლის მანძილზე კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დახარჯულია 183 316.62 ლარი. 

2013 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარის უცხოურ ვიზიტებზე იქნა გაწეული: მარინე მიზანდარს – 66742.72 ლარი, გურამ ოდიშარიას- 58599.89 ლარი და მანანა ბერიკაშვილს – 31968.34 ლარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი