ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მერიის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტის პროექტს კვლავ იწუნებს

12 თებერვალი, 2014 •
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მერიის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტის პროექტს კვლავ იწუნებს

 

“29 დეკემბრის სხდომის შემდეგ, როცა თბილისის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროეტქს, მერიის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოს სხდომის დღემდე ინტერნსიურად ვიმუშავებდით იმისთვის, რომ მერიისთვის შეგვეთავაზებინა ბიუჯეტის პროექტში იმ საკითხების ასახვა, რომელიც თბილისელების დაკვეთა და მოთხოვნა არის. საკრებულოს უმრავლესობამ ამ დროის განმავლობაში კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში იმუშავა და შედეგადად თბილისის მერიას ჩვენგან გაეგზავნა წინადადებების პაკეტი, რომელთა ბიუჯეტის პროექტში გათვალისიწინებაზე თბილისის მერიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა. საკრებულოს უმრავლესობა დაინტერესდა, თუ რის ხარჯზე და რა ფინანსური რესურსების საშუალებით აპირებდა მერია ჩვენი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინებას.

 

აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ აირჩია სრულიად უპრეცედენტო გზა და ჩვენი მოთხოვნების “დაკმაყოფილებას” არარსებული თანხებით ცდილობს, რამდენადაც მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ისინი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე აპირებენ გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, მაგალითად, ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა, და სურთ ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა, რომ ფული არსებობს. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ავანტიურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ.

 

იმის ნაცვლად, რომ მერიას ჩვენი შეთავაზებები რეალურად არსებული ფულადი რესურსის ფარგლებში მოექცია, მათ გადაწყვიტეს მიმართონ გზას, რომელსაც წინასწარ განწირული ბიუჯეტისკენ მიყავს ქალაქი. გვინდა ვუთხრათ თბილისელებს, მერია არ აპირებდა არც ერთი თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებას, მათ ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის, გაზის, შუქის და წყლის დავალიანების მქონე ოჯახების დახმარების, ავარიული სახლების გამაგრების, უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობის შესაძლებლობას უპასუხეს ფარსით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საბოტაჟური და ავანტიურისტული ბიუჯეტის მომწონებული თბილისის მთავრობა არ იმსახურებს დედაქლაქის წარმომადგენლობითი ორგანოს და თბილისელების ნდობას და ეს ფაქტი კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის ჩვენს მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია თბილსის საკრებულოს უმრავლესობის განცხადებაში.

 

უმრავლესობის ამ პოზიციას არ იზიარებენ ნაცმოძრაობაში. დღეს საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა–განახლებული თბილისი“ თავმჯდომარემ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როცორც თამაზ შოშიაშვილმა აღნიშნა, პრესიის მიერ დაანონსებული აქცია, რომლის ლოზუნგია ‘’არა თბილისის ნაციონალურ ბიუჯეტს’’ თავისთავად იმის მანიშნებელია, რომ დღეს საკრებულოს უმრავლესობა ქალქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.

 

მისივე თქმით, ქალაქის მერიის მხრიდან ყველა პირობა და შენიშვნა იქნა გათვალისწინებილი, რის გამოც “ქართული ოცნების’’ ფრაქციები ჩიხში შევიდნენ და ვინაიდან ბიუჯეტის არმიღების არანაირი არგუმენტი აღარ არსებობს, ახლა უმრავლესობა ოპოზიციას ქუჩის აქციებით უპირისპირდება. თამაზ შოშიაშვილი დედაქალაქის ბიუჯეტის გარეშე დატოვების პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, არამედ მის პოლიტიკურ ხალმძღვანელობას აკისრებს და აცხადებს, რომ დაანონსებული აქციებით უმრავლესობა მხოლოდ თავის გამართლებას ცდილობს.

 

,,დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტში საკრებულოს ყველა შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა, როგორც ჩანს, ბიუჯეტის დამტკიცებას უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არც დღეს დაუჭერენ. არგუმენტების არარსებობის გამო კი დაანონსებული აქციით ისეთ ფონს ქმნიან, თითქოს ისინი დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნას ასრულებენ”,–განაცხადა შოშიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულო ბიუჯეტის პროექტს დღეს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი