ახალი ამბებიკომენტარი

რას გვეუბნება ჭიჭინაძის გარიცხვა “ოცნების” შიდაპარტიულ დემოკრატიაზე

19 ივლისი, 2018 •
რას გვეუბნება ჭიჭინაძის გარიცხვა “ოცნების” შიდაპარტიულ დემოკრატიაზე

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია დავით ჭიჭინაძის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვას აფასებს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პარტიის წევრის გარიცხვა ლიდერის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო არასწორია.

კაკაჩია საერთაშორისო პრაქტიკასაც განიხილავს და აცხადებს, რომ ასეთ დროს პარტიაში კრიტიკულად განწყობილ წევრებს დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ, რათა განსხვავებული აზრი შენარჩუნდეს.

“განსხვავებული შეხედულებები ხშირად არის ყველა პარტიაში. ისტორიულადაც ასე იყო და ახლაც ასეა, მათ შორის, ევროპულ პარტიებში. განსხვავება რა არის: ყველაზე ძლიერები არიან ის პარტიები, რომლებიც განსხვავებულ აზრს კი არ ახშობენ და ადამიანს კი არ აგდებენ პარტიიდან, არამედ პირიქით. ზოგჯერ ასეთი ადამიანების რაოდენობა თუ რამდენიმეა, პატარა ფრაქციასაც ქმნიან პარტიის შიგნით, რომ ეს განსხვავებული აზრი იყოს პარტიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამას უმრავლესობა არ ეთანხმება.

შეიძლება ისიც აღმოჩნდეს, რომ ამ განსხვავებული აზრის ადამიანები იყვნენ სწორნი და შემდეგ ის ფრაქცია, რომელიც უმცირესობაში იყოს, გახდეს უმრავლესობა და მისგან წამოვიდეს ლიდერი. ხშირად შიდაპარტიული დემოკრატიის კანონები ითხოვს ამას, რომ პარტიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული შეხედულებები და მუდმივი დებატები. თუ ასეთი პლურალიზმი არ არსებობს, ძალიან ჭირს პარტიის საქმიანობა და მას ძალიან გაუჭირდება საკუთარი ხედვების ჩამოყალიბება”, – აცხადებს კაკაჩია.

მისივე განმარტებით, დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიიდან გარიცხვის საკითხი ძირითადად მაშინ დგება, თუ წევრს რაიმე სახის დარღვევა უფიქსირდება ან პარტიასთან მკვეთრი იდეოლოგიური შეუთავსებლობა აქვს:

“ეს უფრო ხდება, როცა იდეოლოგიური თანხვედრა არ არის. ეს ხდება მაშინ, თუ წევრმა იდეოლოგიურ ხაზს გადაუხვია. მაგალითად, პარტია მემარჯვენეა და ის მემარცხენე კურსისკენ წავიდა. ან პარტია მხარს უჭერს LGBT უფლებებს და მისი წევრი – პირიქით. როცა იდეოლოგიური შეუთავსებლობაა, ფინანსური დარღვევა ან რამე მსგავსი, მაშინ ხდება. მაგრამ კრიტიკის გამო ასეთი რამ იშვიათად მახსენდება. ეს უფრო ხდება ავტორიტარული რეჟიმების პირობებში, როცა ყველაფერი უნდა ექვემდებარებოდეს ერთ ადამიანს”.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან არა განსხვავებული შეხედულებების, არამედ პარტიის წევრების შეურაცხყოფის გამო გაირიცხა.  კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ მსგავს გადაცდომებს პარტიის შიგნით დისციპლინაზე პასუხისმგებელი ორგანო განიხილავს და პროცესი გარიცხვამდე რიგ პროცედურებს მოიცავს:

“შეიძლება იყოს პიროვნული შეურაცხყოფა, მაგრამ ეს გასარკვევია თვითონ პარტიაში. დისციპლინარულმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და ადამიანს მისცენ ჯერ შენიშვნა, შემდეგ გაფრთხილება და ბოლოს გარიცხვა. ყველა პარტიას რამდენიმე საფეხური აქვს. იყოს ეს მექანიზმები გამოყენებული? ასე პირდაპირ გარიცხვა და თან ამის პოსტფაქტუმ შეტყობინება არასწორი ფორმაა”.

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი “ქართულ ოცნებაში” ვითარების მკვეთრად შეცვლას არ ელის დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შემდეგ, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება კონკრეტულ გზავნილს შეიცავდა.

“მთავარი სიგნალი ის იყო, რომ პარტიის წევრმა არ უნდა გადაუხვიოს პარტიის სტრატეგიულ ხაზს; მას არ უნდა ჰქონდეს განსხვავებული შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით; ისინი მოითხოვენ სრულ ერთგულებას და ნებისმიერი გადახვევა ან ოდნავ დაეჭვება ისჯება შესაბამისად”.


„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ გუშინ, 19 ივლისს განაცხადა, რომ პარტიიდან პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად პარტიის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება დასახელდა. საპასუხოდ,  ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ პარტიიდან მისი გარიცხის მომხრეები მედროვეები არიან, რომლებიც სკამებს სცემენ პატივს და არა ადამიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი