“მინდა აღვნიშნო საქართველოს სურვილი აისაფის ოპერაციაში და ასევე 2014 წლის შემდგომი, ნატოს სწრაფი რეაგირების მისიაში, მინდა ჩემი მწუხარება გამოვთქვა იმ სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ ავღანეთში, ეს სამხედრო მონაწილეობა არის კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს მისწრაფებისა ევროატლანტიკურ სივრცეში. ბატონ მინისტრთან საუბრისას მე გამოვიტანე დასკვნა, რომ საქართველო აგრძელებს ინტეგრაციის გზას, შეიარაღებული ძალების რეფორმირებას. ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ასევე, თავდაცვის რეფორმის კურსს, რათა შეიქმნას თანამედროვე სამხედრო ძალა, ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია”, – განაცხადა კნუდ ბარტელსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველო–ნატოს ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება:
“საქართველოსა და ნატოს სამხედროებს შორის თანამშრომლობა არის პრაქტიკულად ისეთივე, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის. არის ნდობა, უკვე გამოცდილება ერთობლივი ოპერაციების და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს ძირითადად ვისაუბრეთ გენერალ ბარტელთან ერთად ჩვენი ურთიერთობის მომავალზე და ერთადერთი სიტყვა, რითიც შეიძლება ეს დახასიათდეს, არის სრული ინტეგრაცია და გაღრმავება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის”, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს პირველი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ამჟღავნებს ნატო ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ და იმ რეფორმების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში.