“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” განცხადებით, საქნახშირის პერსონალი შახტებში მხოლოდ წყალსაქაჩ და სავენტილაციო დანადგარების ამუშავებს, კომპანიის განცხადებით, ეს ხდება შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად.
კომპანიის განცხადებით, ასე იქნება მანამ, ვიდრე საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია “საქნახშირის” სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე.
დღეს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შახტში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, კომპანია სისტემატურად, სხვადასხვა მეთოდით მოუწოდებს მეშახტეებს, განაგრძონ შრომითი საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ ანაზღაურებას.
“პრემიერის განცხადება შახტების დახურვასთან დაკავშირებით მისასალმებელია, თუმცა, დაგვიანებული. მოვუწოდებთ კომპანიის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დასაქმებულებზე ზეწოლა და შეაჩეროს შახტებზე ყოველგვარი საქმიანობა, ვიდრე არ დაიდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექპერტების დასკვნა. ამ პერიოდში იქ დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ იძულებითი მოცდენის სრული ანაზღაურებით, რაც აუცილებლად დოკუმენტალურად უნდა დადასტურდეს”,- აცხადებს პროფკავშირი.
16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. მთავრობა აცხადებს, რომ შახტი უნდა დაიხუროს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა.
აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი – ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.
ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.