ახალი ამბები

ქუმსიშვილი: TV პირველის სატელეფონო ზარი შაყირი მეგონა და არასწორი პასუხი გავეცი

18 ივლისი, 2018 • 2348
ქუმსიშვილი: TV პირველის სატელეფონო ზარი შაყირი მეგონა და არასწორი პასუხი გავეცი

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ გუშინ, 17 ივლისს, TV პირველის ჟურნალისტის სატელეფონო ზარს თავად უპასუხა.

ქუმსიშვილის თქმით, უცხოეთიდან ახალი დაბრუნებული იყო და ჯერ კიდევ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რის გამოც დაიბნა და ჟურნალისტის სატელეფონო ზარი “შაყირი” ეგონა.

“დღეს დავბრუნდი და მინდა ერთი ძალიან უხერხული მომენტი აღვნიშნო, რომელიც შეიქმნა TV პირველის[ეთერში]. თქვენმა ჟურნალისტმა დამირეკა და იმ წუთის დაფრენილი იყო თვითმფრინავი. რომ არ მოგატყუოთ, ცოტა დავიბენი, ცოტა შაყირი მეგონა და არასწორი პასუხი გავეცი იმიტომ, რომ არ ველოდი არანაირი ინფორმაციის გავრცელებას. ვადასტურებ, რომ ნამდვილად მე ვიყავი და მე გავეცი ეს პასუხი. არაფერი დასამალი არ მაქვს და მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას გაუჩნდება, გავცე პასუხი. 6 წლის განმავლობაში პატიოსნად ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ვაპირებ, ასევე ღირსეულად და პატიოსნად გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა”, – თქვა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს “TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა პირად ნომერზე გუშინ, 17 ივლისს დაურეკა და პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების მიზეზებზე ჰკითხა. ქუმსიშვილმა კი მას უპასუხა, რომ ეს სხვისი ნომერი იყო და ტელეფონი გათიშა.

საბოლოოდ, გადაცემა “რეაქციის” ეთერში დიმიტრი ქუმსიშვილმა დაადასტურა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მართლაც დაიბარეს და “გარკვეულ საკითხებზე” ესაუბრნენ. ყოფილ მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი