ახალი ამბები

ხუციშვილი: ღია მმართველობის გეგმით აღებული ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება ვერ შესრულდა

17 ივლისი, 2018 • 1818
ხუციშვილი: ღია მმართველობის გეგმით აღებული ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება ვერ შესრულდა

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმღვანელი ქეთი ხუციშვილი ფიქრობს, რომ არასათანადოდ შესრულდა საქართველოს ღია მმართველობის 2016-17 წლების სამოქმედო გეგმა.

მისი თქმით, გეგმის შესრულების პროცესი არაერთი მიღწევით აღინიშნა, თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, მათ შორის, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, შეუსრულებელი დარჩა. ხუციშვილი ფიქრობს, რომ არასათანადოდაა ჩამოყალიბებული ახალი სამოქმედო გეგმაც.

“თავისთავად ის, რომ აქ[საქართველოში] ტარდება ღია მმართველობის პარტნიორობის დიდი შეხვედრა და ჩვენ ყველანი მონაწილეობას ვიღებთ, უკვე გარკვეული მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს თავმჯდომარეა პარტნიორობისა და შემდეგ უკვე გადასცემს სხვა ქვეყნებს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ წლებში იყო გარკვეული მიღწევები, თუმცა ამავე დროს იყო ჩავარდნებიც, რომელზედაც თვალის დახუჭვა სამოქალაქო საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არ სურს. მიგვაჩნია, რომ იყო გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც შესრულდა. მაგალითად, სამთავრობო ინფორმაციის გამოქვეყნება, პეტიციების პორტალის შექმნა და ის ფორმატიც, სადაც მთავრობა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და ერთად გეგმავდნენ რიგ საკითხებს.

ამავე დროს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომლებიც აღებული იქნა, დღემდე არაა შესრულებული. მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლების კანონი, რომელსაც წლების მანძილზე გვპირდებოდნენ, თუმცა ეს არ მოხდა. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა იყო ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც ახალ გეგმაში არ ჩაიდო. ასევე მნიშვნელოვანი იყო უფრო ამბიციური ვალდებულებების აღება გამჭვირვალობის თვალსაზრისით”, – აცხადებს ქეთი ხუციშვილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის განცხადებით, ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე, აუცილებელია, მომავალში გეგმის შესრულების პროცესის მაკოორდინირებელი ფუნქცია სხვა უწყებამ გადაიბაროს. ამჟამად აღნიშნული საკითხია იუსტიციის სამინისტროს აბარია.

ქეთი ხუციშვილის მიერ გახმიანებული მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო სექტორმა პრემიერ-მინიტრს ოფიციალურად მიმართა. განცხადების ხელმომწერნი, მათ შორის, “საია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა”, “ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი” და ” ღია საზოგადოება” მამუკა ბახტაძეს არსებული გეგმის გადახედვასა და მისი კოორდინაციის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ.

ღია მმართველობის ახალ, მეოთხე სამოქმედო გეგმას საქართველო წარადგენს თბილისში მიმდინარე “ღია მმართველობის პარტნიორობის” მეხუთე გლობალური სამიტის ფარგლებში. გეგმა წარმოადგენს პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალს, რომლის შემუშავებაში მონაწილეობას სახელმწიფოსთან ერთად სამოქალაქო და ბიზნესსექტორი მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი