ახალი ამბები

ზურაბ ოტიაშვილის დაკავების ერთ–ერთი მიზეზი აკრძალული საჩუქრის მიღებაა

11 თებერვალი, 2014 • • 1687
ზურაბ ოტიაშვილის დაკავების ერთ–ერთი მიზეზი აკრძალული საჩუქრის მიღებაა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ზურაბ ოტიაშვილმა გადაწყვიტა ფიქტიური აუქციონის ჩატარების მეშვეობით რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები თანხის გადახდით თაღლითურად დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ქ. დუშეთში მდებარე  920.8 კვ.მ ფართობის მქონე შენობა-ნაგებობასა და 839 კვ. მ ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ქონება მან 70 821 ლარის ნაცვლად 10 000 ლარად შეიძინა და მის მეგობარზე გაფორმა.

 

მათივე ინფორმაციით, ზურაბ ოტიაშვილმა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში მუშაობისას გადაამეტა თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და მისი დავალებით საბაჟო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები არ ატარებდნენ თურქეთიდან სგპ „ყაზბეგის“ მიმართულებით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებულ ტექსტილის ნაწარმს, რითაც ირღვეოდა მათი უფლებები.

 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას, ორიაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის დავით ბიგვავასგან საჩუქრად მიიღო  24 950 ლარად ღირებული დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირებში მდებარე 2 399 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე თანამდებობაზე ყოფნისას 2008 -2009 წლებში მან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გაუფორმა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავისი ცოლის ძმის, გიორგი ბასაძიშვილის ფირმას – შპს „ბასა + 2008”-ს.

 

“ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გიორგი ბასაძიშვილი ყალბი დოკუმეტების საფუძველზე თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

გიორგი ბასაძიშვილი ასევე დაკავებულია და მას ბრალად ედება თაღლითობა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი