ახალი ამბები

კობახიძის თქმით, შრომითი უსაფრთხოების გამკაცრებას კვირიკაშვილი ეწინააღმდეგებოდა

17 ივლისი, 2018 • 3022
კობახიძის თქმით, შრომითი უსაფრთხოების გამკაცრებას კვირიკაშვილი ეწინააღმდეგებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნების გამკაცრება საქართველოს მთავრობის წინა ხელძღვანელს, გიორგი კვირიკაშვილს არ სურდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს კომისიის მიზანი იყო, რომ  მაქსიმალურად გაემკაცრებინათ ჩანაწერები კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელობამ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია.

„ჩვენი მოწვევის პირობებში, პირველად ეს საკითხი აქტუალური გახდა მაშინ, როდესაც ჩვენ განვიხილავდით შესაბამის მუხლს საკონსტიტუციო კომისიაში. შესაბამისი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის შესაბამის მუხლში და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კომისიას ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა შემდეგ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია ამ მთავრობის ხელმძღვანელობამ და ეს გახდა მიზეზი იმ პროცესებისა, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ. მათ შორის, პროტესტის მიზეზიც გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილება. ჩვენ მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც, ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი. კონკრეტული ზომები არის მისაღები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით დაინერგოს შრომის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით ჩვენ ვალდებულებები გვაქვს აღებული სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის წინაშე. მთავარია, რომ ეს ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს და მთავარია, რომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალში ასეთი ტრაგიკული შემთხვევები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ საუბრისას.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე მითითება გავაკეთე წინა სამთავრობო ხელმძღვანელობაზე. ამასთან დაკავშირებით არის კონკრეტული გარემოებები, ყველა არის ამის თვითმხილველი. ჩვენ კომისიაში გვქონდა პოზიცია ჩამოყალიბებული და შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მე ღიად განვაცხადე მაშინ, რომ მთავრობის ხისტი პოზიცია გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილების მიზეზი. ეს არის ის, რაც არის დოკუმენტირებული, ეს არის მოვლენათა განვითარება და ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილებაც საზოგადოების შესაბამის წრეებში. ამ უკმაყოფილებას ჰქონდა, ბუნებრივია, ობიექტური საფუძველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლიბერტარიანული მიდგომა საბოლოოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს და თვითმიზანი უნდა იყოს ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების დაცვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაბამისად, უნდა გადაიხედოს პოლიტიკის ყველა ასპექტი, რაც შესაძლოა რაიმე ტიპის ლიბერტარიანულ მიდგომასთან იყოს დაკავშირებული.

გუშინ, 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა და 6 დაშავდა. 6 ადამიანი დაიღუპა ამავე შახტში უბედური შემთხვევის შედეგად.

საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც 2017 წლის 15 მაისს თბილისში გაიმართა, დაესწრნენ  სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115″–ის წევრები. მათ ეს შეხვედრა ჩაშალეს, ისინი მოითხოვდნენ, რომ კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილებები, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების დაცვის წინაპირობა იქნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს “კომუნისტები” უწოდა და მოუწოდებდა, რომ “ილიას გზას” მიჰყოლოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი