ახალი ამბები

რუმინეთის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

10 თებერვალი, 2014 • • 951
რუმინეთის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

,,რუმინეთის  პარლამენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ჩვენი გადაწყვეტილების – გავხდეთ ევროპის და ნატოს წევრები. ეს რეზოლუცია არის ერთგვარი შეჯამება იმ პოზიციების, რაც რუმინეთში არსებობს საქართველოს მიმართ. ჩვენი  ვიზიტის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ  ჩვენი მეგობრები – ის ქვეყნები, ის პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს ჩვენი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, კიდევ უფრო მობილიზებული იყვნენ უახლოესი თვეების, წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით დაგვჭირდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

რეზოლუციის მიღებას საპატიო სტუმრის სტასუსით რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრნენ. უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნული ვიზიტიდან საქართველოს დელეგაცია კონკრეტული შედეგით დაბრუნდება

 

“თუ რუმინეთის პარლამენტი როგორ დაეხმარება საქართველოს პარლამენტს ევროინტეგრაციის გზაზე, ანუ იმ გზაზე, რაც მათ უკვე გავლილი აქვთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა რეზოლუციის მიღების შემდეგ  ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

დავით უსუფაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პეტრუ ფილიპს და რუმინეთის დეპუტატთა პალატის საგარეო პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლასლო  ბორბელოს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი