ახალი ამბები

არასამთავრობოები გია გორგაძეზე სავარაუდო ზეწოლის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

10 თებერვალი, 2014 •
არასამთავრობოები გია გორგაძეზე სავარაუდო ზეწოლის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტს გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ხდება კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა. სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება, სასამართლო აქტის გარეშე პირი იძულებით მიიყვანონ დასაკითხად. სამწუხაროდ, საპირისპიროდ ამისა, პროკურატურა ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სასამართლო ბრძანების გარეშე მოწმის იძულებითი მიყვანა კანონიერ და ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩინოს.

დამაჯერებლობას მოკლებულია არგუმენტი, რომ გია გორგაძის სამართალდამცავ ორგანოში იძულებითი წაყვანა (რაც ცალსახად უკანონო ხასიათს ატარებდა) მის თითქოსდა გაუჩინარებას უკავშირდებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სამართალდამცავთა ქმედებები მიზნად ისახავდა იმას, რომ ბრალდების მთავარ მოწმეს საზოგადოებისთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია თავდაპირველი დაკითხვის დროს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ”, – ნათქვამია არასამთავრობოთა ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებით, პოკურატურაში გია გორგაძესთან არ შეუშვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რომელიც  3 საათის განმავლობაში ელოდებოდა მასთან შეხვედრას. პროკურატურის ვერსიით, თავად გორგოძემ არ ისურვა ადვოკატთან შეხვედრა, თუმცა არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში ადვოკატს უნდა მიეცეს კლიენტთან შეხვედრის საშუალება და თავად კლიენტის უარი ადვოკატის მომსახურების შესახებ  ნაკლებ შეკითხვას დატოვებდა  საზოგადოებაში.

“გარდა ამისა ეს ფაქტები კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად მძლავრი იარაღია სამართალდამცავთა ხელში მოწმის დაკითხვის არსებული მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება, როდესაც მოწმე მხოლოდ სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გადავადდა კიდევ 2 წლით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გია გორგაძე
გია გორგაძე

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის განცხადებით,  2014 წლის 7 თებერვალს გია გორგაძე, რომელიც ახალაიას საქმეზე დაზარალებული და ერთ–ერთი მთავარი მოწმეა, პრაიმტაიმის პრესკლუბში მიდიოდა, რათა ესაუბრა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და ის სწორედ ამ დროს დააკავეს. ანი ნადარეიშვილის მტკიცებით, გორგაძეზე სამართალდამცავი ორგანოები ზეწოლას ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ახორციელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებები-თითქოს პროკურატურამ მოახდინა გია გორგაძის დაკავება და მანამდე იძულებით მოხდა მისგან  ჩვენების მიღება- არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  

მასალების გადაბეჭდვის წესი