ახალი ამბები

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზად არის, “საქნახშირი” სახელმწიფოს გადასცეს

16 ივლისი, 2018 • 2301
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზად არის, “საქნახშირი” სახელმწიფოს გადასცეს

მას შემდეგ, რაც დღეს, 16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც სრულად უსაფრთხოს გახდიდა ნახშირის მოპოვებას.

“მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე,  ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც  ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად  კომპანია, “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს,” – ნათქამია განცხადებაში.


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

ვინ არიან ტყიბულის შახტში 16 ივლისს დაღუპულები

მასალების გადაბეჭდვის წესი