ახალი ამბები

ომბუდსმენი გეგუთის მოვლენებზე: გარკვეული ძალები ცდილობენ დაძაბულობის კერის შექმნას

10 თებერვალი, 2014 •
ომბუდსმენი გეგუთის მოვლენებზე: გარკვეული ძალები ცდილობენ დაძაბულობის კერის შექმნას

თუმცა, როგორ ნანუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, იგი არ მიესალმება პატიმრების მხრიდან თვითდაზიანების მიყენების ფაქტს და მსჯავრდებულებს პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს:

“ჩვენი წარმომადგენლები ამ წუთასაც იმყოფებიან გეგუთის დაწესებულებაში. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 30–მა ადამიანმა მიიყენა თვითდაზიანება. მათი ნაწილი გადაიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო საავადმყოფოებში მკურნალობისთვის, ნაწილს კი ადგილზე გაეწია მკურნალობა. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იკვლევენ იმ მდგომარეობას, რაც იქ შეიქმნა. საუბარია იმაზე, რომ პროტესტი გამოიწვია 4 დღის განმავლობაში მოშიმშილეთა მხრიდან [წამოყენებული] მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან. სწორედ ამიტომ დაიწყო პროტესტი ამგვარი ფორმით. მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები. საუბარია იმაზე, რომ მაქსიმლაურად უნდა იქნეს შესწავლილი ის პრობლემები, რომელიც ამჟამად გეგუთის დაწესებულებაში არსებობს. ჩვენ არ მივესალმებით და პირიქით, მოვუწოდებთ პატიმრებს, რომ მსგავსი სახით პროტესტის გამოხატვა შეწყვიტონ, რადგან ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაწყდეს კანონის ჩარჩოებში. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს საზიანო დაზიანებების მიღება. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

კითხვას, რჩება თუ არა მას შთაბეჭდილება, რომ გეგუთში გარედან მართულ პროცესს აქვს ადგილი, ომბუდსმენმა ასე უპასუხა:

“სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ჭორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც კიდევ უფრო იწვევს სიტუაციის ესკლაციას. უშუალოდ გეგუთში ყოფნის დროს მე თვითონაც შევესწარი ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული ურეკავდა ოჯახის წევრს და ეუბნებოდა, რომ თითქოს ის იყო ზეწოლის ობიექტი და ნაწამები, თუმცა, როდესაც ჩვენ ამ მსჯავრდებულს შევხვდით, მან ეს უარყო. სამწუხაროა ის, რომ რაღაცნაირად გარკვეული ძალები ცდილობენ დაძაბულობის კერის შექმნას. იგივე, ინფორმაცია, რომ თითქოს 7 და 8 თებერვალს გეგუთის დაწესებულებაში სპეცრაზმი იმყოფებოდა, არ დადასტურდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც აქვთ პატიმრებს, იყოს განხილული და, შესაბმისად, იმ მოთხოვნების შესრულება მოხდეს, რაზეც კანონი მიუთითებს. კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული ეს პროტესტი, და ის მოთხოვნები, რომელიც პატიმრობის კოდექსში ჯდება, უნდა შესრულდეს”, – განაცხადა მან და არ დააკონკრეტა, მისი აზრით, ვინ ცდილობს დაძაბულობის კერის შექმნას.

 

ნანუაშვილის თქმით, იმ პატიმრის საქმეზე, რომელსაც სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და რომლის შესახებაც განცხადება ადრეც გაკეთდა, გამოძიება დაიწყო. ომბუდსმენის თქმით, სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ვითარებაში მიიღო ზემოხსენებულმა პატიმარმა დაზიანებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი