გიორგი ლაბაძის განცხადებით, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30-მდე პატიმარს შეხვდა და ესაუბრა. პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით, 6,7 და 8 თებერვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეცდანიშნულების რაზმი არ შესულა:
“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, ან მათი შესვლა იგეგმებოდა. სწორედ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ჩვენ. სპეცდანიშნულების რაზმი არც 6,7 და 8 თებერვალს შესული არ ყოფილა. რაც შეეხება იგეგმებოდა თუ არა შეყვანა, ადმიანისტრაციამ გვიპასუხა, რომ არც იგეგმება მსგავსი რამ. თუმცა მსჯავრცებულთა პროტესტი კვლავ უცვლელია, 800-მდე მსჯავრდებული შიმშილს განაგრძობს. მათი მოთხოვნა უცვლელია, კერძოდ, დაუყოვნებლივ ჩატარდეს გამოძიება ორი მსჯავრდებულის ცემის ფაქტზე და ამ პერიოდის განმავლობაში შეუჩერდეს უფლებამოსილება ადმინისტრაციის თანამშრომლებს – დირექტორს, მოადგილეს და სარეჟიმო განყოფილების უფროსს”- განუცხადა “ნეტგაზეთს” ლაბაძემ.
რაც შეეხება პატიმრების ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი ემუქრებოდა პატიმრებს სპეცდანიშნულების რაზმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანით, ომბუდსმენის რწმუნებული ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს:
“აღნიშნული ინფორმაცია გუშინდელი შესვლის ფარგლებში არ დადასტურდა, მხოლოდ ირიბად საუბრობენ პატიმრები, ვინ დაემუქრა, როდის, რა პირობებში- ამ საკითზებთან დაკავშირებით საუბარზე უარი განაცხადეს”.
მისივე თქმით, რამდენიმე პატიმარზე სხეულის დაზიანებები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 6 თებერვალსვე დავაფიქსირეს:
“აღწერილი გვაქვს კონკრეტული დაზიანებები, გამოძიება ამ ფაქტზე დაწყეულია. ჩვენი ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზა პატიმარს ჩატარებული აქვს, ერთ-ერთს, დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადასტუროს, ჩვენ ვერ დავადასტურებთ ვერანაირად, რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება, მიაყენა თუ არა ნამდვილად ადმინისტრაციამ, ეს უკვე გამოძიების უფლებამოსილებაა”.
სასჯელაღსრულებლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გახარიაც აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
შეგახსენებთ. რომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების 800-მდე გაფიცული მსჯავრდებული მესამე დღეა შიმშილობს. როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, პატიმრები პირობების გაუმჯობესებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ.




