ანი ნადარეიშვილის მტკიცებით, გორგაძე აპირებდა პრესკონფერენციაზე ესაუბრა იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები მასზე ახორციელებედნენ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვების მიზნით:
“დღეს, როდესაც ოფისში მოვედით, დაახლოებით 13:00 საათზე, ოფისის დაცვამ გვითხრა, რომ ვიღაც ადამიანი იყო მოსული და გვეძებდა (არსებობს შენობის კამერის ჩანაწერი), გველოდა გარკვეული ხანი და დატოვა ნომერი, სასწრაფოდ დამირეკონო. ჩვენი ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და ბევრ ადამიანს ვეხმარებით, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ვიღაცას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება და იმ ნომერზე გადავურეკეთ. მან არ დაასახელა თავისი ვინაობა და გვითხრა, რომ მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვიდოდა. მართლაც მოვიდა, და აღმოჩნდა გია გორგაძე – ეს არის მთავარი ე.წ. დაზარალებული და მთავარი მოწმე ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალში, რომელიც 13 იანვარს წაუყენეს, თითქოს ბაჩომ ვიღაც 6 პატიმარი ცემა იმისთვის, რომ ეღიარებინათ, რომ ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ (ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გია გორგაძე არის იმ ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირის ძმა, რომელიც 2006 წელს სპერცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული ნავთლუღის ბაზართან). მოკლედ, ამ გია გორგაძემ გვითხრა, რომ მოვიდა იმისთვის, რომ ეთქვა სიმართლე და ეს სიმარლე იყო ის, რომ მას აიძულეს მიეცა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მაშინ, როცა, მისი სიტყვებით, მას “ბაჩო ახალაია ცხოვრებაში არ ყავს ნანახი”. ჩვენ დავუკავშირდით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ კახა კოჟორიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომლებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში. გია გორგაძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ტელევიზიის მეშვეობით ის ხალხს ეტყოდა სიმართლეს და ასევე აპირებდა მისულიყო სახალხო დამცველის ოფისში. ავტეხეთ ჟურნალისტებთან რეკვა (და, როგორც ჩანს, ჩვენი “სუს”-ი კარგად გვისმენს) და 4 საათზე დაიგეგმა პრაიმთაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია და ეს ადამიანი მივიდა იქ. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, დაახლოებით 10 სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ მას ოჯახი ეძებდა, გაუყარეს ხელკავი, ჩასვეს მანქანაში და დღისით–მზისით ჟურნალისტების თვალწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს ეს ადამიანი. ჩვენთვის ამ წუთამდე უცნობია სად იმყოფება გია გორგაძე და ვითხოვთ დაინტერესდეს ყველა შესაბამისი ორგანო თუ პირი მისი ადგილსამყოფელით”, – აცხადებს ანი ნადარეიშვილი ფეისბუკის მეშვეობით.
პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გორგაძე ნამდვილად იმყოფება და უწყებასი და მოწმის სახით იკითხება, თუმცა დამატებით შეკითხვებს არ უპასუხეს და თქვეს, რომ ცოტა ხანში პრესრელიზს გაავრცელებენ, სადაც ყველაფერი იქნება განმარტებული.




