ახალი ამბები

ბიუჯეტის პროექტზე თბილისის საკრებულო 12 თებერვალს იმსჯელებს

7 თებერვალი, 2014 •
ბიუჯეტის პროექტზე თბილისის საკრებულო 12 თებერვალს იმსჯელებს

საქალაქო სამსახურების უფროსები, საკრებულოს ინფორმაციით, იმ შესაძლო პრობლემებზე საუბრობენ, რაც დაუმტკიცებელი ბიუჯეტის გამო შესაძლოა წარმოიქმნას. 

 

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განმარტა, რომ საბავშვო ბაღების დაფინანსება თბილისში თებერვლის თვეშიც გაგრძელდება. თუმცა, ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში, საბავშვო ბაღებს მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოექმნებათ. 

 

რამაზ სულამანიძის ინფორმაციით, ახალი ბაღების მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დგას და ამ ეტაპზე  სამშენებლო პროექტების დამუშავება მიმდინარეობს, რის შემდგომ უკვე ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. 

,,სასურველია, ტენდერის გამოცხადებამდე დედაქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდეს, რათა ახალი ბაღების მშენებლობა ახალი სასწავლო წლის ბოლომდე დასრულდეს და პატარები წელს ახალ ბაღებში შეხვდნენ’’,–აღნიშნა სულამანიძემ.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

სამუშაო შეხვედრაზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თებერვლის ბოლოდან 600 ათასი პირის, რომლებიც დაწესებული შეღავათით სარგებლობენ, მგზავრობის ხარჯის დაფარვის პრობლემები შეიქმნება. იგი ამბობს, რომ მათი მგზავრობის დაფინანასება სხვა პროექტების ხარჯზე მოხდება. 

 

აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ავტობუსების შესაძენად ტენდერი თავიდან გამოცხადდება. 

,,თებერვლის ბოლოდან ერთი მეთორმეტედით ამ მუხლის დაფინანსება უკვე ამოწურული იქნება და იძულებული ვიქნებით, გავაჩეროთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და დავაფინანსოთ მგზავრობის კომპენსაციის მუხლი”, – აღნიშნა აკაკი ჯოხაძემ. 

 

დედაქალაქის მერია საკრებულოსგან საკუთარი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენას ელოდება, რის შემდგომაც, მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერების შედეგად, ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში ხელახლა იქნება წარმოდგენილი, აცხადებს საკრებულოს პრესსამსახური.

 

საკრებულოს წევრ ნიკოლოზ ხაჩირაშვილის თქმით, შეიქმნება შეჯერებული ერთიანი პაკეტი, რომელიც  უახლოეს დღეებში  მერიას გადაეგზავნება.

,,თანხვედრა არის შეხვედრების დონეზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აისახოს დოკუმენტში. ახლა უკვე დაველოდებით მერიის რეაგირებას იმ მიმართულებებსა და შენიშვნებზე,  რომელსაც თბილისის საკრებულო წერილობით აცნობებს“,- განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.

 

2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე 12 თებერვალს იმსჯელებს. გასული წლის 29 დეკემბერს საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი ვერ დამტკიცდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი