ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, გია კაკაჩიამ ნეტგაზეთს განუცხადა. კაკაჩიას თქმით, მიმდინარე მონიტორინგის შედეგად კონკრეტულ ბავშვებთან დაკავშირებით ბევრი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, რომლის კონფიდენციალობის დაცვა სამინისტროს აუცილებელად მიაჩნია.
“ვერ გავრისკავთ. ბევრი კონფიდენციალური ინფორმაციაა, რასაც საჯაროს ვერ გავხდით. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახმა ან რომელიმე ოჯახის წევრმა არ იცის იქ მცხოვრები ბავშვის არსებობის შესახებ. ბავშვთა პირად ინფორმაციაზე წვდომას ვერ დავუშვებთ. თუნდაც 2 არასამთავრობო ჩავრთოთ ამ პროცესში, ეს უსამართლობის განცდას გამოიწვევს მათში, ვინც ვერ მოხვდება მონიტორინგის ჯგუფში, ან რამდენად იქნებიან ისინი სანდო სხვა ორგანიზაციებისთვის. საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კიდევ, მაგრამ, სავარაუდოდ, უარის თქმა მოგვიწევს,”- აცხადებს გია კაკაჩია.
სამინისტრომ უკვე დაასრულა ორი ბავშვთა სახლის გეგმიური მონიტორინგის პროცესი, მათ შორის ბათუმში საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ არსებული ბავშვთა სახლის, სადაც გია კაკაჩიას ინფორმაციით, ამჟამად 150-მდე ბავშვი ცხოვრობს.
კაკაჩიას თქმით, ბათუმში ბავშვთა სახლის მონიტორინგის ხანგრძლივობა 3 დღე იყო.
“დეტალურ შედეგებს მომავალ კვირაში გავასაჯაროვებთ. იმას, თუ რამდენად არის ყველა პირობა დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იქ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი პირობებია, თუმცა იქამდე კრიტიკული თვალით ვუყურებდით. ბავშვზე ზრუნვა არის მუდმივი. ინფრასტრუქტუა გამართულია.”
მისივე განმარტებით, იქ მცხოვრები ბავშვები განათლებას იქვე არსებულ, განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტებულ სასწავლებელში იღებენ.
“თუმცა 18 წლის შემდეგაც მიჰყვებიან ამ ბავშვებს. მათი ნაწილი თბილისში აგრძელებს სწავლას, ნაწილი- საზღვარგარეთ.”
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (DRI) 2013 წლის დეკემბერში სამწლიანი (2010-2013) ანაგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში სახელწოდებით “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მოზრდილების რეფორმებიდან გარიყვა და მათი უფლებების დაცვა საქართველოს რესპუბლიკაში” ეკლესიის მფარველობის ქვეშ არსებული ბავშვთა თავშესაფრებიც მოხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 თებერვალს დაწყებული მონიტორინგის დაწყების შემდეგ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის თხოვნით მიმართა.




