გამოძიების ცნობით, ბესიკ ხ. გამოგონილი სახელითა და გვარით კერძო კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს უკავშირდებოდა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდას სთხოვდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ბესიკ ხ. მიმდინარე წლის 5 თებერვალს „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, 2500 ლარის გადახდა მოსთხოვა.
“ბესიკ ხ-მ გზავნილის სახით ჩარიცხული თანხა „ლიბერთი ბანკის“ ონის ფილიალიდან 2014 წლის 6 თებერვალს გამოიტანა. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბესიკ ხ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იმავე დღეს დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).




