ახალი ამბები

პრეზიდენტობის სურვილის შემთხვევაში ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა დათმოს

13 ივლისი, 2018 • 3019
პრეზიდენტობის სურვილის შემთხვევაში ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა დათმოს

იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობა მოუწევს.

საქართველოს ექსპრემიერს, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო დასახელებაზე რამდნეიმე მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, ამჟამად, მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატად, შესაძლოა, ბიძინა ივანიშილი დაასახელოს, პროსახელისუფლებო ფეისბუკ-ჯგუფებშიც გავრცელდა. დღეს დილიდან ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

 

საქართველოს კონსტიტუციით კი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა:

“კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1 პრიმა მუხლი კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ სამი თანამდებობის დაკავებას. ეს არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს წესი განმეორებულია წინა წელს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელცი ძალაში შედის პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან” – განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, ამჟმად მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტად არც უცხო ქვეყნის მოქალაქის არჩევაა შესაძლებელი ეს ცვლილებები კანონში 2012 წლის მაისში შევიდა:

“2012 წლის მაისში კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა. ეს იყო გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც დაიბადა საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. როგორც ხმის მიცემის, ასევე კონკრეტულ თანამდებობაზე არჩევის უფლება მიეცა. ეს იყო დროებითი დებულება და მოქმედებდა 2014 წლის პირველ იანვრამდე. ის მოქმედებდა 2012 წელს ჩატარებულ საპარლამენტო და 2013 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ” – ამბობს კონსტიტუციონალისტი.

შესაბამისად, თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობა მოუწევს. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, იმ დროისთვის ის მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობას ფლობდა. კანონში არსებული დროებითი ჩანაწერის საფუძველზე კი ამ თანამდებობის დაკავება შეეძლო.


ივანიშვილსა და მის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის შემოდგომაზე შეუწყვიტეს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.

2014 წლის იანვარში, სასამართლომ ბათილად ცნო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბიძინა ივანიშვილმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქლაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილის შესაბამისი აქტი არ გააუქმა, სააპელაციო სასამართლოს მიმართა, ბოლოს კი – უზენაეს სასამართლოს.  ამჟამად ბიძინა ივანიშვილი ორმაგ მოქალაქეობას ფლობს-საფრანგეთისა და საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი