უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე და აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი მიხეილ მინდაძე ჭიათურის მარგანეცის მაღაროში დასაქმებულებს დღეს, 6 თებერვალს შეხვდნენ და მათ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნენ.
“სახალხო დამცველს ადგილზე უამრავი პრობლემა დახვდა. როგორც მაღაროელები აცხადებენ, მათ განსაკუთრებულად მძიმე სამუშაო პირობები აქვთ. მაღაროებში არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება, რის გამოც საკმაოდ დიდია სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა რაოდენობა, მარტო გასულ წელს სამი ადამიანი დაიღუპა კიდეც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სათანადოდო ამუშავდეს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური”, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
როგორც მაღაროელებმა სახალხო დამცველს განუცხადეს, ისინი ზამთრის პერიოდში არ მარაგდებიან თბილი სპეცტანსაცმლით, უკვე წლებია, არ მომხდარა საწარმოს გადაიარაღება და ნედლეულს პრიმიტიული სამუშაო იარაღებით მოიპოვებენ. ამასთან, ჯანმრთელობისათვის საშიშ და მავნე გარემოში არანორმირებული განრიგით უწევთ მუშაობა:
“როგორც გამოიკვეთა, საწარმოში მცირე ადამიანური რესურსებით არაპროპორციულად დიდი მოცულობის სამუშაოს სრულდება, რაც მუშახელის გადატვირთვას იწვევს. ასეთი პირობების მიუხედავად, მაღაროელები ანაზღაურებით უკმაყოფილო არიან. მათი თქმით, ბუნდოვანია ანაზღაურების წესები და პრინციპები; ხშირია ხელფასის დაკლებაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მაღაროში არ მუშაობს საშხაპეები, მოუწყობელია სასადილო, ხოლო სამედიცინო პუნქტი არ არის იოლად ხელმისაწვდომი:
“ზემოაღნიშნული პრობლემების გარდა, მაღაროელები და ჭიათურის მაცხოვრებლები შექმნილი ეკოლოგიური გარემოთიც არიან უკმაყოფილო. როგორც სახალხო დამცველს შეატყობინეს, ფაქტობრივად, არც ერთ მაღაროში არ არის დამონტაჟებული გამწმენდი და გამწოვი ფილტრები, რაც ქალაქს და მის შემოგარენს სერიოზულად აბინძურებს, დაბინძურებულია ასევე სასმელი წყალიც.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაღაროებში დასაქმებულთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია სერიოზული და სისტემური შესწავლის საგანი უნდა გახდეს. მაღაროების საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და დადგინდეს, რამდენად უზრუნველყოფილია ჭიათურასა და მისი შემოგარენის მაცხოვრებელთა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.
თავის მხრივ საქართველოს სახალხო დამცველი იწყებს ზემოხსენებული პრობლემების დეტალურ შესწავლას და შედეგების შესახებ რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში შრომის ინსპექციის ან მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილის სახელმწიფო სტრუქტურის შესაქმნელად”, – ნათქვამია განცხადებაში.







