“საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორის, ლუბა ელიაშვილის 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადება დაედო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას არხის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ ამცნო და ამავე დღის 21:00 საათზე „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. მოგეხსენებათ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება”, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 10 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოწვეული იქნება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და მათ საშუალება ექნებათ საკუთარი პოზიცია წარუდგინონ კომისიის წევრებს.