ახალი ამბები

სამინისტრო: ბოლო აღარ უჩანს ომბუდსმენის მიერ ვიცეპრემიერის დისკრედიტაციის მცდელობას

6 თებერვალი, 2014 •
სამინისტრო: ბოლო აღარ უჩანს ომბუდსმენის მიერ ვიცეპრემიერის დისკრედიტაციის მცდელობას

“სამწუხაროდ, ბოლო აღარ უჩანს სახალხო დამცველის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრის და ვიცეპრემიერის, ენერგეტიკის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას. გულისტკივილით აღვნიშნავთ ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროს დაუმსახურებელ კრიტიკას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტის – „ხუდონჰესის“ ირგვლივ, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და მას დაემატა სამინისტროს დადანაშაულება ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე უარის თქმაში.

 

ღიად ვაცხადებთ, სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა ყველა მონაწილე მხარისთვის, როგორც „ხუდონჰესის“, ასევე, სამინისტროს ყველა სხვა აქტივობებთან დაკავშირებით შეხვედრების და დისკუსიების გასამართად. სოფელ ხაიშის მოსახლეობასთან დიალოგზე და კონსტრუქციულ დისკუსიაში მონაწილეობაზე სამინისტროს არასდროს უარი არ უთქვამს, და ჩვენთვის ამის მითითება უბრალოდ ზედმეტად მიგვაჩნია.

 

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სამინისტრო, და პირადად კახა კალაძე, სრულად იზიარებს ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს და უზრუნველყოფს ინვესტორთან თუ ხელისუფლებასთან მათი კანონიერი უფლებების დაცვას, რაც არაერთხელ გაჟღერებულა სამინისტროს წარმომადგენლების და თავად მინისტრის მხრიდან.

 

როგორც ყველასთვის ცნობილია, სახალხო დამცველი კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. შესაბამისად, ასეთი ფაქტების არარსებობის პირობებში, ან თუნდაც სათანადო წესით ასეთი ფაქტების დადგენამდე, სახალხო დამცველის მხრიდან საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება, მით უმეტეს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით, უხერხულად მიგვაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება და თითოეული დაფიქსირებული პოზიცია დიდი ყურადღების საგანია საზოგადოებისთვის და მეტ სერიოზულობას მოითხოვს.

 

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკის სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შეხვედრის თხოვნა ოფიციალურად არ შემოსულა და სამინისტროს სახალხო დამცველთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. გვსურს ახლაც გამოხვატოთ სურვილი და მზადყოფნა სახალხო დამცველთან შეხვედრების და კონსულტაციების გასამართად და ღრმად გვჯერა, რომ შევძლებთ მის დარწმუნებას იმაში, რომ კახა კალაძის უწყების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვას და გადაწყვეტას, იგი სცილდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს”, – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი