“რაც შეეხება პრემიებს, ამ მთავრობის ყველა წევრი და მათ შორის მეც, მივყვებით იმ წესს და ტრადიციას, რომელიც მიგვითითა და დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა. პრემია არის ჯილდო და პრემია არ არის ფუფუნება. დიახ, იუსტიციის მინისტრმა, მე გავეცი საახალწლო პრემიები იმ საჯარო მოხელეებზე, ვინც დღე და ღამე მუშაობს ქვეყნის სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქაც ეკონომიურად იქნა ფული დახარჯული, იმიტომ, რომ ნახევარი მილიონი ლარი საპრემიო ფონდიდან იუსტიციის სამინისტრომ ეკონომია გააკეთა და საპრემიო ფონდი ჩვენ არ დავხარჯეთ მთლიანად და ხაზინას ნახევარი მილიონი საპრემიო ფონდიდან დავუბრუნეთ დეკემბერში.
საახალწლო პრემიების გაცემა იყო აუცილებელი, მე ამას არ ვნანობ, პირიქით, ყოველ ახალ წელს, მიმაჩნია, რომ ყველა იმ მოხელემ, რომელმაც მთელი წელი იმუშავა რეფორმებისთვის, მთელი წელი იმუშავა პროგრესისთვის, ის, დიახაც, ახალ წელს უნდა დაჯილდოვდეს და ამაში არაფერი სასკანდალო არ არის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს აპარატში პრემიის სახით თანამდებობის პირებმა 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სამმაგი ოდენობა აიღეს.







