“ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებები პირდაპირ გამიზნულია და მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და დაკავშირებულია მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, გამიზნულია ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისკენ, ვინაიდან მე მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული ვარ როგორც მერობის კანდიდატი”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თმით, ამ ყველაფრის გამო მან მიიღო რთული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორშაბათიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამოქვეყნდება კონკრეტული ფაქტები, რომელიც წინა ხელისუფლების უკანონო ქმედებებს გამოააშკარავებს:
“გამოვაქვეყნებთ ისეთ ფაქტებს, საიდან გამომდინარეც ენა უნდა ჩაიგდონ იმ ადამიანებმა, რომლებიც უბან–უბან და ქალაქ–ქალაქ დადიან იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ უნიათო ხელისუფლება ვართ და თითქოს ჩვენ არაფერს მსგავსს არ ვაკეთებთ, რაც ხდებოდა მათი მმართველობის პირობებში. სიცრუეს, რომელზეც გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი და სხვა მსგავსი ადამიანები საუბრობენ, არ ვაპატიებთ და არ გვიდა, რომ მათსავით სირცუეში ვაცხოვროთ ეს ადამიანები, ეყოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ის სიცრუე, რაც მათ ამ 9 წლის განმავლობაში ისმინეს”, – განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრის განმარეტებით, ეს იქნება კონკრეტულ დარღვევებზე კონკრეტული დოკუმენტები, მათ შორის მშენებლობის წესების დარღვევების თაობაზე, ასევე იმ ადამიანების კომენტარები, “ვისაც თავზე ედგნენ და ძალით აშენებინებდნენ და ვისაც ანაზღაურება არ მიუღია”.
მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახლანდელი მუშაობა წინა ხელისუფლების პერიოდს შეადარა:
“ჩვენ 2013 წელი ძალიან წარმატებულად დავასრულეთ, 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები შევასრულეთ, ვიდრე ეს წინა წელს განხორციელდა, თან შევასრულეთ ეს სამუშაოები ისე, რომ არც ერთი რაიმე სახის ზედმეტი კითხვა არ დასმულა ტენდერებთან, მათ მიმდინარეობასთან, გამჭვირვალობასთან და შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვქონია არც ერთი დაძალების შემთხვევა, განსხვავებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდიდან, როდესაც პროკურორები და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ედგნენ თავზე სამშენებლო კომპანიებს, აძალებდნენ და შესაბამისი ანგარიშსწორების გარეშე აკეთებინებდნენ ხშირ შემთხვევაში პროექტებს”, – განაცხადა ნარმანიამ. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ათობით დაზარალებულის საქმე განიხილება.
მინისტრი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა მისი მმართველობის პერიოდში ბუფერულ ზონებში არსებული მიწები კომპანიებს მიზერულ თანხად მიყიდა, შემდეგ კი გაცილებით ძვირად გამოისყიდა, რის გამოც ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიიღო:
“წინა ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად უგულვებელი იყო კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხებიც, საიდან გამომდინარეც, ძალიან ბევრი კულტურული და ისტორიული ფასეულობა სახედაკარგულია. ნაჩქარევად გაკეთებული ობიექტები, როდესაც რეალურად 6 თვეში გასაკეთეებელი საქმე 2–3 თვეში კეთდებოდა, ამის შედეგებს დღეს ჩვენ ვიმკით, როცა ძალიან ბევრი ობიექტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დევნილთა სახლები, მათ პერიოდში დაგებული გზები ამის ძალიან კარგი და ნათელი მაგალითია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.




