ახალი ამბები

ვაზაგაშვილისა და გამცემლიძის მშობლები საპროტესტო აქციას აანონსებენ

6 თებერვალი, 2014 •
ვაზაგაშვილისა და გამცემლიძის მშობლები საპროტესტო აქციას აანონსებენ

აქციაზე, რომელიც 2 საათზე უნდა დაიწყოს, ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მათი შვილების საქმეებს გადახედონ.

 

იური ვაზაგაშვილმა “რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ადამიანები, ვინც, მისი რწმენით, მისი შვილის მკვლელობის მონაწილენი არიან, არ დაისჯებიან: 

 

“9 წლის მანძილზე რასაც ვითხოვდით ნაცმოძრაობისგან, იმავეს ვითხოვთ ახლა ახალი ხელისუფლებისგან. ეს საშინელებები ვინც ჩაიდინა, დღეს არიან ისევ მაღალ თანამდებობებზე. ზოგს პირიქით, აწინაურებენ. ამიტომ ჩვენ მეტის მოთმენა აღარ შეგვიძლია და კატეგორიულად მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის დამნაშავეები, ვინც ასეთ სისასტიკეს ჩადიოდნენ. იძულებულს გვხდიან, რომ ყოველდღე აქციები გავმართოთ.” 

 

ვაზაგაშვილის თქმით, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის –  დალაქიშვილისა და მისი მოადგილე მირზოევის გადადგომასა და დასჯას მოითხოვენ, რაზეც ჭიკაიძე არ დაეთანხმა. ვაზაგაშვილის თქმით, იგი ვერ ხედავს სხვაობას ვანო მერაბიშვილსა და ალექსანდრე ჭიკაიძეს შორის.

 

“ვანოც აწინაურებდა მკვლელებს და დამნაშავეებს და იგივე ხდება დღესაც,” – განაცხდა ვაზაგაშვილმა. 

 

ჯამბულ გამცემლიძის თქმით, იგი მისი შვილის საქმის გადახედვას და ახალი გარემოებების გათვალისწინებას მოითხოვს. 

 

“გადახედილ იქნას ჩემი შვილის საქმე, რათა ჩემი შვილის მკვლელობა გამოძიებული იქნას, არსებობს ახალი გარემოებები, რომლებიც გვაქვს, რაც არ გაითვალისწინა ნაცმოძრაობის ხროვამ და იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც მაშინ მოკალათებული იყვნენ პროკურატურაში. გვინდოდა წარგვედგინა პროკურატურაში და დღემდე “არსაიდამ ხმა, არსით ძახილი”. მოთმინებასაც აქვს საზღვარი”, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ. 

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

ხოლო გიორგი გამცემლიძე 2008 წლის 8 მაისს პატრულის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციისას მოკვდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი