ახალი ამბები

კახა კოჟორიძე: იუსტიციის მინისტრმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია  

11 ივლისი, 2018 • 1758
კახა კოჟორიძე: იუსტიციის მინისტრმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია  

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია.   

„მინდა გითხრათ, რომ იმ მოვლენების შემდეგ, რამაც გამოიწვია მთავარი პროკურორის გადადგომა ვადაზე ადრე, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი. უფრო მეტიც, პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი კონსულტაციები არ შემდგარა, და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, მოესმინა ის კითხვები, რაც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და ამით სიუსტიციის მინისტრმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია”, – განაცხადა კოჟორიძემ.

მისი ეს კომენტარი  11 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 15-დან 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი შალვა თადუმაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის  პოსტზე წარსადგენად.

შალვა თადუმაძე 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრია.

მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი, შალვა თადუმაძე, შალვა შვგულიძე და ნინო გოგნიაშვილი, საპროკურორო საბჭოს წარუდგინა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ, რადგან მინისტრი ამ დროს შვებულებაში იმყოფებოდა. თუმცა შალვა შავგულიძემ, რომელიც “ერვოპულმა საქართველომ” წარადგინა, პროტესტის ნიშნად დღეს კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი